Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა, ზედმეტსახელად „ბითლზი“, დანაშაული აღიარა აშშ-ში


დიდი ბრიტანეთის ყოფილი მოქალაქე, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, ზედმეტსახელად "ბითლზი", ალექსანდა ამონ კოტეი.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი მოქალაქე, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, ზედმეტსახელად "ბითლზი", ალექსანდა ამონ კოტეი.

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა მოქალაქემ, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა სირიაში, რომელსაც ბრალად ედება დასავლელი მძევლების მკვლელობა, თავი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაულში. პროცესი აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში შედგა.

ალექსანდა ამონ კოტეიმ 2 სექტემბერს თავი დამნაშავედ ცნო ოთხი ამერიკელი მძევლის მოკვლის ორგანიზებაში მონაწილეობასა და სხვა დანაშაულებში.

37 წლის კოტეი ერთ-ერთია ისლამური სახელმწიფოს ოთხ წევრთაგან, რომელთაც "ბიტლზი" შეარქვეს მათი ბრიტანული აქცენტის გამო. ის და კიდევ ერთი მამაკაცი, ელ შაფე ელშეიხი, შეერთებულ შტატებს გასულ წელს გადასცეს, რათა მათთვის ბრალდებები წაეყენებინათ მას შემდეგ, რაც ისინი სირიელი ქურთების ძალებმა შეიპყრეს და აშშ-ის ჯარებს გადასცეს ერაყში.

კოტეის და ელშეიხს ბრალად ედებათ ამერიკელი ჟურნალისტების, ჯეიმს ფოლეისა და სტივენ სოტლოფის, და ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლების, პიტერ კასიგისა და კაილა მიულერის, მკვლელობებში მონაწილეობა.

ამ მკვლელობებმა, ისევე როგორც დასავლელი და იაპონელი მძევლების მკვლელობებმა, აღშფოთება და ზიზღი გამოიწვია მთელ მსოფლიოში მას შემდეგ, რაც ისინი გრაფიკული დეტალებით იყო ნაჩვენები.

აშშ-ის ხელისუფლება წლების განმავლობაში მუშაობდა იმაზე, რომ პასუხისგებაში მიეცა წევრები დაჯგუფებისა, რომელიც ცნობილია თავის მოკვეთით, წამებით, სასტიკი დამოკიდებულებით მძევლების მიმართ; რომელიც იღებდა ამ სისასტიკეებს და შემდეგ ვიდეოჩანაწერებს ონლაინპროპაგანდისთვის იყენებდა.

ისლამური სახელმწიფოს ბანდის სავარაუდო ლიდერი, მოჰამედ ემვაზი, რომელიც "ჯიჰადი ჯონის" სახელითაა ცნობილი, 2016 წელს დრონის დარტყმის შედეგად მოკლეს. მეოთხე წევრი სასჯელს თურქეთის ციხეში იხდის.

XS
SM
MD
LG