Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ნატროშვილი: წინასაარჩევნოდ მმართველმა პარტიამ თავი უნდა შეიკავოს მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებისგან


ლევან ნატროშვილი
ლევან ნატროშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ სახელმწიფომ მოქალაქეებისთვის გარკვეული სიკეთეების გადასაცემად წინასაარჩევნო პერიოდი არ უნდა შეარჩიოს.

"ყველა არჩევნების წინ ვსაუბრობთ ხოლმე, რომ არსებობს კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ, როდესაც მცირე დრო რჩება არჩევნებამდე, თავი უნდა შეიკავოს მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებისგან", -აღნიშნა ლევან ნატროშვილმა გადაცემაში.

მისი თქმით, მოქალაქეებისთვის ბინების გადაცემა, სუბსიდირების პროგრამების ამოქმედება და სხვა სარგებლის გადაცემა წინასაარჩევნო პერიოდში ფორმალურად კანონის დარღვევა არ არის, თუმცა ფაქტობრივად მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება და პრობლემურია საარჩევნო გარემოსთვის:

„თუ ხარ ხელისუფალი და კეთილსინდისიერად უდგები ამ საკითხს, ბიუჯეტირების საკითხს და ზოგადად საჯარო პოლიტიკის საკითხებს, წესით, დროც უნდა შეარჩიო შესაბამისი. პროგრამები უნდა განხორციელდეს არა უშუალოდ არჩევნებთან მიბმულ კონტექსტში, არამედ ზოგადად საჯარო მმართველობის კონტექსტში. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ასეთი ტიპის პროგრამები არანაირ კავშირში წესით არ უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო პროგრამასთან... როდესაც ისეთი სახის პროგრამები ხორციელდება, რომელიც არანაირ კავშირში არ არის საარჩევნო კამპანიასთან, ჩნდება უკვე ეჭვი, ამ თანხებს ვიღაცა კერძო პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით ხომ არ იყენებს“, - განაცხადა „საღამოს საუბრებში“ ლევან ნატროშვილმა. მისი განმარტებით, იმ სახელმწიფო პროგრამების არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე განხორციელება, რომელიც მოქალაქეებისთვის სარგებლის გადაცემას ეხება, რამდენიმე მიმართულებითაა დამაზიანებელი:

„ერთი ის, რომ ზოგადად საარჩევნო გარემო ხდება უთანაბრო, როდესაც ერთი პარტია იყენებს ამხელა რესურსს, ოპოზიციურ პარტიას არა აქვს წვდომა ამ რესურსზე და კონკურენცია მნიშვნელოვნად შეზღუდულია. როგორც წესი, ასეთი პროგრამები არ არის ხოლმე კარგად დასაბუთებული, რატომ მაინცდამაინც ახლა, რატომ მაინცდამაინც ადამიანების რაღაცა ჯგუფს უნდა მივცეთ ეს ბინები და სხვებს არა, სიტყვაზე... ჩვენ არასდროს არ გვქონია ეგ არგუმენტი, რომ სახელმწიფომ არ უნდა იფუნქციონიროს. მაგიტომაც იკრიბება გადასახადები, რომ შემდეგ ის გადასახადები სამართლიანად გადანაწილდეს, მაგრამ კონტექსტია მნიშვნელოვანი, როდის ხდება ამ ხალხის დაკმაყოფილება“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა „საღამოს საუბრებში“.

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი 3 აგვისტოდან დაიწყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განახლებადი ინფორმაციის სახით ავრცელებს მონაცემებს, რომლებიც სავარაუდო დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს შეეხება 1 ივნისიდან. ამ ჩამონათვალშია:

  • 11 აგვისტოს თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გლდანის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ.
  • 26 ივლისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება 1 სექტემბრიდან დაიწყება.
  • 26 ივლისს პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც საშემოდგომო რთველის დაფინანსება 38 მილიონი ლარიდან 138 მილიონამდე გაიზარდა.
  • 25 ივნისს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იწყება ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს საცხოვრებელი ბინის შეძენის ხელშეწყობის მიზნით ოჯახებისთვის ახალშეძენილ შვილზე იპოთეკური სესხის თანადაფინანსებას. პროგრამა 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
  • 24 ივნისს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ინიციატივა, რომლის თანახმადაც მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელი ჯარიმები ჩამოეწერებათ.
  • 23 ივნისს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 15 მრავალშვილიან ოჯახს ბინები საკუთრებაში გადასცა.
  • 16 ივნისს ქუთაისსა და ზუგდიდში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები გადასცეს. დამატებით, დევნილ ვეტერანთა 100-მდე ოჯახმა ადმინისტრაციული დაპირება მიიღო, რომლის თანახმადაც, ისინი საცხოვრებელ ფართებს ქუთაისსა და ზუგდიდში უახლოეს მომავალში უპირობოდ მიიღებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თანახმად, ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მსგავსი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სერიოზულ უპირატესობას იღებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG