Accessibility links

site logo site logo

წლისთავზე, ცხინვალში მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახი ისევ დამნაშავეების დასჯას ითხოვს


ინალ ჯაბიევის დაკრძალვა. 2020 წლის 31 აგვისტო.

ოკუპირებულ ცხინვალში, ადგილობრივი მცხოვრების ინალ ჯაბიევის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. მისი ქვრივი ოქსანა სოტიევა კი ისევ დამნაშავეების დასჯას ითხოვს. ინალ ჯაბიევი გასული წლის აგვისტოს ბოლოს დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა წამებით და ცემით მოკლეს. მისი მკვლელობის ბრალდებით რვა პირი დააკავეს, მაგრამ 6 მათგანი გაუსვლელობის ხელწერილით 9 თვის შემდეგ გაათავისუფლეს, გამოძიების ვადების დარღვევის გამო. ინალ ჯაბიევის ქვრივი ამბობს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა არ შეასრულა სიტყვა და მისი ქმრის მკვლელები ჯერ არ დასჯილან.

სპეციალური განცხადება გააკეთა დე ფაქტო საპარლამენტო პარტია „ნიხასმა“, რომელიც ერთი წლის წინ, აქტიურად უჭერდა მხარს ჯაბიევის ნათესავების მოთხოვნებს მიუკერძოებელი გამოძიების შესახებ. პარტიის წევრებმა აღნიშნეს, რომ

„მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა სამართლიანი გამოძიების შესახებ, გასულმა წელმა ნათლად აჩვენა დაპირებების სიყალბე. ჩვენ ვხედავთ გამოძიების მიერ დანაშაულის დაფარვისა და დამნაშავეების სასჯელისგან განრიდების მიმართულებას... ავტორიტარიზმისა და ვიწრო წრის ადამიანების მიერ თანამდებობების ბოროტად გამოყენების პირობებში ხალხი აქ ვერ ხედავს თავის მომავალს, მომავალს საკუთარი შვილებისთვის. ეს არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს!“

ოსური მედიის ცნობით, ჯაბიევის გარდაცვალების წლისთავს ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც გამოეხმაურა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ

„ვინც ეს არაადამიანური ბრძანება გასცა, ისევე როგორც ის მოხელეები, რომლებმაც იცოდნენ და შეეძლოთ ეს უკანონობა შეეჩერებინათ, უმძიმეს სასჯელს მიიღებენ“.

ერთი წლის შემდეგ ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტებმა საარქივო ვიდეოჩანაწერიც გაიხსენეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ამ ჩანაწერში დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი პირობას დებს, რომ მკვლელები სასტიკად დაისჯებიან.

„მე კიდევ ერთხელ გაძლევთ სიტყვას: ყველა დამნაშავე, ვინც მონაწილეობდა ამ სასტიკ მკვლელობაში - ყველა დაპატიმრებული იქნება და ციხეში იქნებიან. ისინი ისხდებიან, რადგან სხვა გზა არ არსებობს. ისინი ისხდებიან, რომ სხვამ აღარ იფიქროს, რომ მათ ამის ჩადენა შეუძლიათ. ეს არ მოხდება!“ - ბიბილოვმა ეს სიტყვები ერთ-ერთ მიტინგზე გამოსვლისას თქვა და ასე დაარწმუნა დაღუპულის ოჯახის წევრები, რომ დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებოდნენ.

მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრების საპროტესტო აქცია ცხინვალში. 2021 წლის 5 იავარი.
მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრების საპროტესტო აქცია ცხინვალში. 2021 წლის 5 იავარი.

ჯაბიევის ოჯახი და სამოქალაქო აქტივისტები ერთი წელია უშედეგოდ ელოდებიან გამოძიების დასრულებას. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო აცხადებს, რომ გამოძიება ხელოვნურად გაჭიანურდა.

„წელიწადი გავიდა და ოჯახმა ამ დრომდე ვერ გაარკვია, ვინ არიან დამნაშავეები. მილიციელები დაიჭირეს და მერე გაუშვეს, საქმეში მტკიცებულებები არ არისო. მკვლელობა მილიციის კედლებში მოხდა და ამ დრომდე გამოძიებამ ვერ დაადგინა ვინ არიან მკვლელები? გამოძიება შეგნებულად გაჭიანურდა და ამით ოჯახმა და საზოგადოებამ ერთგვარი მესიჯი მიიღო, რომ ძალოვნები, რომლებიც რეჟიმის ერთგულები არიან, არ დაისჯებიან, რაც არ უნდა ჩაიდინონ. ამის შემდეგ ბიბილოვის რეჟიმის დასაყრდენი ძალოვნები უარეს უკანონობას ჩაიდენენ და ამის ნიშნები ხომ უკვე სახეზეა, როცა განსხვავებულად მოაზროვნეებს ყველას თვალწინ სცემენ“.

ინალ ჯაბიევის ქვრივი, ოქსანა სოტიევა, ერთი წლის შემდეგ, „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში გამოძიების შედეგებს აჯამებს და ამბობს, რომ პრეზიდენტმა დაპირება არ შეასრულა.

„ჩვენ რა თქმა უნდა ველოდით განსხვავებულ შედეგებს. ჩვენ მაინც ვფიქრობდით, რომ სამართალი გაიმარჯვებდა და ყველა დამნაშავე და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯებოდა. მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ინალის გარდაცვალებაში საერთოდ არ არიან დამნაშავეები, რადგან იმ საქმეში, რომელშიც 12 ტომს შეადგენს, აბსოლუტურად არაფერია. რასაც ჰქვია, "ცარიელი საქმეა", ესე იგი 12 ტომია, მაგრამ არ არსებობს ფაქტები. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ასევე დაგვპირდა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯებოდა. პროკურატურამ თავიდან ასევე განაცხადა, რომ ეს რვა ადამიანი დამნაშავეა. პროკურატურამ დამისახელა რვა ბრალდებული და მითხრა, რომ ეს ადამიანები შენი ქმრის მკვლელები არიანო, მაგრამ დღეს არ არსებობენ დამნაშავეები. ანუ ჩემთვის პრინციპული არ არის, რომ ეს რვა უნდა იჯდეს ციხეში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიპოვო ნამდვილი დამნაშავე და ქმრის ნამდვილი მკვლელები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის მთავარია დამნაშავეების პოვნა”.

ინალ ჯაბიევის ოჯახი კიდევ ერთხელ აპირებდა ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრას, თუმცა, სოტიევას თქმით, მათ ეს იდეა უარყვეს.

„ჩვენ გვინდოდა დღეს პრეზიდენტთან წასვლა, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ შედეგი ისევ არ იქნებოდა. ისევ ჩვენ ვიქნებოდით იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები. ასე რომ, ჩვენ უკვე აღარაფერს ველოდებით. მან პირველივე დღეებში პირობა დადო, რომ ყველა დაისჯებოდა, მან თავად აღიარა ინალის მკვლელობის ფაქტი, მაგრამ დღეს მის მკვლელობაში დამნაშავეები არ არსებობენ”.

ინალ ჯაბიევი და ორი სხვა პირი, ნიკოლაი ცხოვრებოვი და გერსან ყულუმბეგოვი, დააპატიმრეს 2020 წლის 23 აგვისტოს, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ ნანიევის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის ბრალდებით. 28 აგვისტოს, ჯაბიევის ცხედარი ცემის და წამების ნიშნებით გადაასვენეს რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში. ნაწამების ფოტოები სწრაფად გავრცელდა სოციალურ მედიაში და გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება.

დაკრძალვის შემდეგ, გასული წლის სექტემბერში, ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე საზოგადოება შეიკრიბა, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომის მოთხოვნით. ზოგიერთმა ე.წ. დეპუტატმა გამოაცხადა ბოიკოტი და შეწყვიტა პარლამენტის სხდომებზე დასწრება, სანამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა უარი თქვა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე, რის შემდეგაც 2021 წლის აპრილში ჯაგაევმა დატოვა თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო და დაინიშნა ბიბილოვის მრჩევლად.

4 დეკემბრიდან ჯაბიევების ოჯახი ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე უვადო საპროტესტო აქციას მართავდა, რომელიც თითქმის ორ თვეს გაგრძელდა და მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც ინალ ჯაბიევის დედის, მაია ცისკაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ჯაბიევის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე სამი ექსპერტიზა ჩატარდა. პირველი დასკვნა ჯაბიევის გარდაცვალების ძალადობრივი მოქმედებების შესახებ გააკეთა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა, ზარინა ძაგოევამ. ამის შემდეგ, მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და, მისივე თქმით, მასზე ზეწოლა ხორციელდება. დანარჩენი ორი ექსპერტიზა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩატარდა. ერთ-ერთი დასკვნა ამბობს, რომ ჯაბიევი გარდაიცვალა ნარკოტიკების მოხმარების შეწყვეტის შემდეგ გამოწვეული აბსტინენციის სინდრომისგან, ხოლო ბოლო დასკვნაში საუბარია როგორც ამ სინდრომზე, ასევე გულის უკმარისობით გარდაცვალებაზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი სისხლჩაქცევებსა და ფიზიკური ზემოქმედების სხვა აშკარა კვალზე.

დე ფაქტო კრიმინალური მილიციის დაკავებული რვა თანამშრომლიდან 6 უკვე თავისუფალია. ორი წინასწარი გამოძიების საკანშია, თუმცა გამოძიების ვადა მათთან მიმართებითაც იწურება და, სავარაუდოდ, მათაც მალე გაათავისუფლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG