Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბანერიზაცია“ „ბორდერიზაციის“ პარალელურად


სოფელ ხურვალეთის მცხოვრები ნორა ბატონისაშვილი ვეღარც სახლთან მიდის და ვეღარც ნაკვეთთან, მისასვლელი გზა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჯერ მავთულხლართით გადაუღობეს, შემდეგ კი იქვე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი დაამონტაჟეს.

ბატონისაშვილების სახლის მიმდებარე ტერიტორია საოკუპაციო ძალებმა ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილში დაიკავეს, თუმცა იქაურობა შეღობილი არ იყო. ნორა ბატონისაშვილი ამბობს, რომ ნაკვეთში დიდი ხანია აღარ წასულა, რადგან იქ რუსები უკვე დიდი ხანია დგანან.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში აგვისტოს შუა რიცხვებში გამოჩნდნენ და იქ არსებული ღობეების შეკეთებას და ამაღლებას შეუდგნენ, პარალელურად, ახალი ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერიც დაამონტაჟეს.

ხურვალეთელებმა საოკუპაციო ძალების გააქტიურება მაშინვე შეამჩნიეს და ხელისუფლებისგან რეაგირება მოითხოვეს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პირველ რიგში ვალია ვანიშვილის სახლთან გამოჩნდნენ. 15 აგვისტოს სახლის წინ არსებულ საოკუპაციო ღობეზე ახალი მავთულხლართები დაამატეს, განახლებული ღობე მათ რამდენიმე მეტრით აამაღლეს. ეს ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ გაავრცელა. ვალია ვანიშვილი დათა ვანიშვილის ცოლია. ოკუპაციასთან ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. იგი ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს. ვალია ვანიშვილი ამბობს, რომ ამაღლებულ ღობეზე პროდუქტების გადაწოდება უფრო გართულდება. სამოქალაქო აქტივისტები ხურვალეთში პერიოდულად ჩადიან და მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ მოხუცს პროდუქტებით ეხმარებიან.

ხურვალეთში განთავსებული ახალი საოკუპაციო ბანერი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა დააფიქსირეს, მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან რუსების აქტიურ ქმედებებს არანაირი რეაქცია არ მოსდევს.

ხურვალეთში 22 აგვისტოს დამონტაჟებული ახალი ბანერის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაპირველად უარყო, თუმცა ორკვირიანი დაგვიანების შემდეგ სუს-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ეს ინციდენტი ჟენევის დისკუსიის ფორმატში იქნება განხილული.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, მათ დაუყოვნებლივ გაააქტიურეს „ცხელი ხაზი" და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია მიაწოდეს.

„უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მკვიდრი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე“, - აცხადებს სუს-ი.

ბოლო ერთ თვეში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხურვალეთის გარდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევთანაც გამოჩნდნენ, სადაც სათვალთვალო საგუშაგო მოაწყვეს. სოფელ გრემისხევის მიმდებარე ტყე, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ოკუპირებულია და იქ რუსეთის საოკუპაციო ძალები მუდმივად პატრულირებენ.

XS
SM
MD
LG