Accessibility links

site logo site logo

სამცხე-ჯავახეთში გახარიას პარტიის წევრები კანდიდატურებს იხსნიან


ბოლო სამი დღის განმავლობაში, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა სამცხე-ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, ერთიმეორის მიყოლებით კანდიდატურები მოიხსნეს. პარტიის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი ამბობს, რომ მიზეზი ზეწოლაა. ლევან თათოშვილის თქმით, ზეწოლა განხორციელდა ახალქალაქის სამ, ადიგენის - ორ და ასპინძისა და ბორჯომის თითო - თითო წევრზე. ზეწოლის და მუქარის შედეგად, რეგიონში დეპუტატობის კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ადიგენში, საკრებულოს სიის მეორე ნომერი გოდერძი კუბლაშვილი საზოგადოებრივ და მედიაორგანიზაციებს ადიგენში მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.

,,სამწუხაროდ, ძველი ნაციონალების ტრადიცია კარგად გააგრძელა დღევანდელმა ხელისუფლებამ. შედეგად ჩვენს (ადიგენში) რაიონში, კანდიდატურა მოიხსნა ორმა წევრმა - კობა გელაშვილმა და საგინაძემ. ეს ტრადიცია ბოლოსდაბოლოს უნდა დასრულდეს. ყველა ხელისუფლებას 120% არ უნდა ჰქონდეს ადიგენიდან. ამიტომ განსაკუთრებით საზოგადოებრივ და მედია ორგანიზაციებს გთხოვთ დახმარებას, ჩვენ არაფრის გვეშინია“ - განაცხადა გოდერძი კუბლაშვილმა.

გოდერძი კუბლაშვილი და ლევან თათოშვილი
გოდერძი კუბლაშვილი და ლევან თათოშვილი

პარტიის ახალქალაქის შტაბის ცნობით, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობაზე უარი, პროპორციული სიის მესამე და მეოთხე ნომერმა თქვა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ასპინძაშიც. პარტიაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ მათ წევრებზე მუქარა და ზეწოლა, ვისგან განხორციელდა.

,,ხდება ზეწოლა და კანდიდატების დაბარებები ადგილობრივი ხელისუფლებისა და ძალოვნები მხრიდან. ასეთი სამი ფაქტი გვაქვს ახალქალაქში, როდესაც სამივე კანდიდატმა საოლქოში დაწერა განცხადება კანდიდატურის მოხსნის შესახებ, ასევე, ასპინძაში სიის მეორე ნომერმა მოიხსნა კანდიდატურა, ადიგენში ორმა მაჟორიტარმა კანდიდატმა მოიხსნა კანდიდატურა და ბორჯომში ერთმა. ვთხოვ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენას“ - აღნიშნა პარტია ,,საქართველოსთვის“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორმა ლევან თათოშვილმა.

პარტია ,,საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა, 4 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ზეწოლის გამო, პარტიიდან წასვლის შემთხვევები სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა, თუმცა არც ერთი საქმე გამოძიებული არ არის. გახარიას პარტიით არჩევნებში მონაწილეობა უარყვეს ადიგენშიც. ნუკი იაკობაშვილმა, 3 სექტემბერს, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველია და გახარიას პარტიის წევრებმა, პროპორციულ სიაში მისი თამხმობის გარეშე ჩაწერეს.

,,SOS!
მე ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი 2012 წლიდან და ამ არჩევნებზეც, ვმუშაობ და ყველაფერს ვაკეთებ ქართული ოცნების გამარჯვებისთვის. დღეს ჩემთვის გამაოგნებელი ფაქტი გახდა ცნობილი - გახარიას პარტიამ ჩემ დაუკითხავად, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩამწერა ადიგენის საკრებულოს პროპორციული სიაში. სასწრაფოდ ვითხოვ ამ საქმის გამოძიებას, სასწრაფოდ ვითხოვ, როგორ მოხვდა გახარიას პარტიის ხელში ჩემი პირადი მონაცემები და სასწრაფოდ ვითხოვ პირადადბოლისგანპასუხს, რატომ ჩამწერეს მათ სიაში ისე, რომ ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს... ასე ავსებთ სიებს? ასე აპირებთ გამარჯვებას? ტყუილზე დააფუძნეთ ყველაფერი და ძალიან მძიმედ დაამთავრებთ!!!" - დაწერა ნუკი იაკობაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი, ლევან თათოშვილი, ფეისბუკ სტატუსის შესახებ ფიქრობს, რომ ნუკი იაკობიშვილს პოსტი ზეწოლის შედეგად დააწერინეს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას ამის მტიკიცებულებას წარუდგენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG