Accessibility links

site logo site logo

ამერიკელი კონგრესმენები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ


საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრთა დელეგაცია, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების თანახმად, სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა და სამსახურის წარმომადგენლებმა კონგრესმენებს დეტალურად გააცნეს ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული მძიმე ვითარება.

ამერიკელ კონგრესმენებს გავაცანით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ოძისის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემო. აღნიშნული ვიზიტი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკელი პარტნიორების, კერძოდ, აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აღნიშნა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა.

ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ წარმოებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. ასევე, ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებზე.

„ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო არ არის მარტო და საქართველოს პარტნიორები მტკიცედ დგანან საქართველოს გვერდში, როგორც სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე კონკრეტული საკითხების მოგვარების კუთხით უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ სფეროებში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, კონგრესმენებმა ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ოკუპაციის საკუთარი თვალით ხილვა. აქ ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. მივესალმები ჩვენს მოწვევას. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და არსებული ვითარების საკუთარი თვალით ნახვა. ერთია წაიკითხო ამის შესახებ და მეორეა, ჩამოხვიდე და იხილო, თუ როგორ გამოიყურება საოკუპაციო ზონა“, - აღნიშნა კონგრესმენმა ბრაიან სტილმა.

მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ არსებული ვითარების - ოკუპაციის ნახვა და მნიშვნელოვანია გავაგებინოთ რუსეთს, რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს და ღრმად ვართ შეშფოთებულები იმ აგრესიით, რომელსაც აქ აქვს ადგილი. აქ სულ აშშ-ის ხუთი კონგრესმენი ვიმყოფებით იმის გამოსახატავად, რომ ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე და მხარს ვუჭერთ მას“, - განაცხადა კონგრესმენმა ალექს მუნიმ.

„ერთია მოისმინო ამის შესახებ, მაგრამ მეორეა საკუთარი თვალით იხილო და უშუალოდ მოისმინო რუსეთის საქართველოში შემოჭრის საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩამოხვიდე და თავად იხილო ყოველივე“, - განაცხადა კონგრესმენმა კელი არმსტრონგმა.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ყოფნა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დანახვა. მნიშვნელოვანია ვნახოთ რა ხდება იმ ქვეყანაში, რომელთანაც მეგობრობა გვაკავშირებს, ასევე მნიშვნელოვანია ერთობლივად მუშაობა“, - აღნიშნა კონგრესმენმა როლანდ ესტესმა.

კონგრესმენებმა საქართველო-აშშ-ის მეგობრობასა და აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება.

„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ქართველების უფლებას, იყვნენ საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს, მისი მთავრობისა და დემოკრატიის მეგობარი ქვეყანა“, - განაცხადა კონგრესის წარმომადგენელმა კეროლ მილერმა.

კონგრესმენები ვიზიტის ფარგლებში წეროვანში მდებარე საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს და მის სარეაბილიტაციო შესაძლებლობებს გაეცნენ.

დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა. ქართულმა მხარემ აშშ-ის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ვიზიტი, რომელიც 9 სექტემბრამდე გაგრძელდება, ორგანიზებულია აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG