Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაკოალიცია კალაძეს და "ოცნების" სხვა კანდიდატებს მოუწოდებს, ყველა არხს ესტუმრონ


კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძესა და "ქართული ოცნების" მერობის სხვა კანდიდატებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა არხის წინასაარჩევნო ეთერებში. ჯერ ყველა პარტიის მერობის კანდიდატებს შორის დებატები არ შემდგარა, რამდენიმე დღის წინ კი კალაძემ თქვა, "ვინმეს რომ არ ეწყინოს, საზოგადოებრივ მაუწყებელს თუ ექნება შესაბამისი პლატფორმა, სადაც ყველა კანდიდატს შეგვეძლება წარვდგეთ, კი ბატონო".

"მოვუწოდებთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, მიიღონ მონაწილეობა მედიასაშუალებების მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა ფორმატში, პატივი სცენ ამომრჩეველთა უფლებას გაეცნოს მერობის კანდიდატთა ხედვებს და მისცენ მედიას პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საარჩევნო უფლების მიმართ მრავალმხრივი ვალდებულების შესრულების მიზნით, კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს სთავაზობს მემორანდუმის გაფორმებას, რომელზე ხელმოწერაც მოიცავს პასუხისმგებლობას, საარჩევნო პროცესები წარიმართოს მშვიდობიან - არაძალადობრივ და არადისკრიმინაციულ გარემოში.

მემორანდუმის ტექსტი

"ჩვენ, ხელმომწერი პირები,

პატივს ვცემთ საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მოვლენებისა და თვალსაზრისების შესახებ.

ვცნობთ და ვაღიარებთ ამომრჩეველთა ინფორმირებულობის საჭიროებას და ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობას, რომელიც გულისხმობს წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების გამართვის და მასში მონაწილეობის აუცილებლობას.

ვიაზრებთ, რომ საარჩევნო უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების სწორ და ზუსტ, მიუკერძოებელ და სამართლიან გაშუქებასთან.

მიუღებლად ვაცხადებთ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმს.

ვაღიარებთ წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და თანხმობას ვაცხადებთ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის ვალდებულების შესრულებაზე. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ქალთა მონაწილეობას და ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, დებატებში ქალი კანდიდატების წარმოდგენას.

ვგმობთ, მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმას.

მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტებს, პოლიტიკური აქტივისტებს და მხარდამჭერებს პატივი სცენ მედიის პროფესიულ ვალდებულებას მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

ვთანხმდებით, რომ საარჩევნო უფლების მიმართ მრავალმხრივი ვალდებულების ფარგლებში, მიუკერძოებელი და სამართლიანი გაშუქების სტანდარტის უზრუნველსაყოფად, მხარეები გამოიყენებენ მაუწყებელთა თვითრეგულირების ეფექტიან მექანიზმს ან/და მიმართავენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს".

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • მედიაკლუბი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უფლებები საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი OSGF

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG