Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ივლისიდან ორი თვის შემდეგ: ვინ და როდის აგებს პასუხს ჯგუფური ძალადობისთვის


ომბუდსმენი ძალადობის ორგანიზატორების დაკავებას ითხოვს, ძალადობრივი აქციის მონაწილეები კი - დაკავებულების 20 სექტემბრამდე გათავისუფლებას. 

55 ადამიანის ცემისა და 2 ოფისის დარბევისთვის დაკავებულია 31 ადამიანი. დაკავებულთა რაოდენობა იგივეა, რაც 5 აგვისტოს - ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოძიებას დამნაშავეები აღარ გამოუვლენია. უფლებადამცველები შიშობენ, რომ ხელისუფლების განცხადებები კვლავ კვებავს ძალადობას - მედია და ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები 5 ივლისის შემდეგაც არაერთხელ გახდნენ თავდასხმის სამიზნეები. მათი ნაწილი, ვინც 5 ივლისს თანასწორობის იდეის წინააღმდეგ გამოვიდა ქუჩაში და ევროკავშირის დროშა დაწვა პარლამენტის შენობასთან, ახლა აცრის საწინააღმდეგო, ანტივაქსერულ კამპანიებშია ჩართული. საკანონმდებლო ორგანოს წინ ჯერაც აღმართულია ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია, პარალელურად მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფისთვის ფულად სანქციებს აწესებს. ძალადობრივი ჯგუფები 20 სექტემბერს აქციას გეგმავენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, მანამდე გაათავისუფლონ დაკავებულები, თუკი წინასაარჩევნოდ არეულობა არ სურთ ქვეყანაში.

5 ივლისიდან ორი თვის შემდეგ სახალხო დამცველს კვლავ არ აქვს თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მასალებზე წვდომა - მედიაში გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით ის პროკურატურისგან ითხოვს, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ძალადობის ორგანიზატორების მიმართ და ასახელებს ზურაბ მახარაძესა და სპირიდონ ცქიფურიშვილს. ნინო ლომჯარიას თქმით, „ალტ-ინფოს“ წამყვანი, ზურაბ მახარაძე ორგანიზებას უწევდა ძალადობრივ აქციას, დეკანოზი სპირიდონი კი საჯაროდ მოუწოდებდა ძალადობისკენ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ადამიანებს.

ომბუდსმენი ამბობს იმასაც, რომ ძალადობას ორზე მეტი ორგანიზატორი ჰყავდა და ეს ცხადია, თუნდაც ღია წყაროებში მისაწვდომი მასალებით, მაგრამ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად გამოძიებას სხვა მტკიცებულებების მოპოვებაც სჭირდება.

პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც დრო გადის, უფრო და უფრო იშვიათად ახსენებენ 5 ივლისის საქმეებს. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს მხოლოდ ის, რომ ომბუდსმენი ცდება, როცა ფიქრობს, რომ მახარაძისა და ცქიფურიშვილის მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს სისხლის სამართლის დევნის დასაწყებად.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ ifact.ge 5 ივლისის კადრებში 26 სასულიერო პირი და ორგანიზაციის “ალტერანატივა საქართველოსთვის” 36 წევრი ამოიცნო. გამოძიებამ 16 ივლისს 5 ივლისის 18 მონაწილის სახლი გაჩხრიკა - სამართალდამცველების ინტერესის სფეროში ამ დღეს მოხვდნენ ჰომოფობი, კონსერვატორი აქტივისტები, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები და დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილიც. დაკითხვიდან გამოსულები ამ დღეს ამბობდნენ, რომ ხელისუფლება მათ დაჭერას ვერ გაბედავს და თუკი მაინც დააკავებენ, ეს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგი იქნება. ზურაბ მახარაძე ამ დაკითხვის შემდეგ „ალტ-ინფოს“ ეთერში ჰყვებოდა, როგორი კეთილგანწყობილები იყვნენ პოლიციელები მის მიმართ და როგორ წუხდნენ სამართალდამცველები, რომ მისი შეწუხება მოუხდათ.

3 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ 5 ივლისის ყველა მოძალადე უკვე დაკავებული და დასჯილია, „თბილისი პრაიდი” კი პროვოკაცია იყო, რომლის უკანაც „რადიკალური ოპოზიცია” დგას. ირაკლი ღარიბაშვილმა ეს განცხადება გააკეთა მაშინ, როც გამოძიებას გამოკვეთილი არ ჰყავს ჯგუფური ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი, დაკავებული ბრალდებულების მიმართ კი განაჩენი გამოტანილი არ არის. მათი სასამართლო პროცესები სექტემბერში უნდა განახლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

1 სექტემბერს აქცია უკვე გამართა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა 5 ივლისის საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.

ერმილე ნემსაძე „ქართული მარშიდან”, 1 სექტემბერს გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილეა. ის ამბობს, რომ „იმ ბიჭების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებსაც ჟურნალისტების ცემაში ადანაშაულებენ და რომლებიც არიან საკუთარი სამშობლოს სიყვარულის, რწმენის, მორალის და ზნეობის დაცვის გამო დაკავებულები”. ნემსაძე ხელისუფლებას სთხოვს, წინასაარჩევნო პერიოდი გონივრულად გამოიყენოს და 20 სექტემბრამდე გაათავისუფლოს „სინდისის პატიმრები”.

„ვთხოვთ პირდაპირ, ეს ბიჭები იქნან გათავისუფლებულები. განთავისუფლებულები რაც შეიძლება სწრაფად. ჯერ ერთი, მათ ოჯახები გააჩნიათ და ამ ოჯახებს რჩენა და მიხედვა უნდა. მეორეც, ამ ბიჭებს არაფერი ისეთი არ დაუშავებიათ, რასაც 30 წელია აშავებს ტელევიზია. კარგად ნახეთ და დაფიქრდით, ვიღაცა ვიგინდარა, ლაწირაკი ჟურნალისტი მოდის და დამსახურებულ ადამიანებს პირში ტენის, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მიკროფონს და ეუბნება, შენ პუტინისტი ხარ, შენ რუსეთის აგენტი ხარ. პუტინმა ფული გადაგიხადა? ამის გამო თუ ვინმე ჟურნალისტს შეეხება, პირადი შეურაცხყოფის გამო, უნდა დაისაჯოს თურმე. იმას არავინ უკვირდება, რამხელა შეურაცხყოფას აყენებდნენ ისინი ამ რიგით ქართველებს”, - ამბობს ერმილე ნემსაძე მთავრობის მისამართით გაკეთებულ ვიდეომიმართვაში, რომელიც აქციის შემდეგ გაავრცელა ფეისბუკზე.

„მთავრობამ 5 ივლისს, ფაქტია, რომ ხალხის მხარე დაიჭირა. მეორე, კაი საქმე გააკეთა, რომ სანაიას მცემელები გამოუშვა. მანამდე, "ქართული მარშის" ბიჭები გამოუშვა. ასევე, 2013-ში [ლგბტქ+ თემის] მხარი არ დაიჭირა, ტაბურეტკები და რაღაცეები რომ იყო, მთელი ამბავი რო ატეხეს. ახლაც იმედია, ამ წითელ ხაზს არ გადავა. ეს მხოლოდ არჩევნების გამო არ არის, ეს იყო ქართველი ერის ნება. იმედია, რომ ახლა ამ ბიჭებს გამოუშვებენ და თუ ვინმეს განსაკუთრებული რამე აქვს, შეიძლება ფული შევუგროვოთ, ან პირობითი მიცენ, ან გამოსასყიდი გადავუხადოთ და გამოვიდნენ. ამას ეს მთავრობა აკეთებს და ამის იმედი გვაქვს”, - თქვა 1 სექტემბერს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გურამ ფალავანდიშვილმა.

გურამ ფალავანდიშვილი: მთავრობამ 5 ივლისს ხალხის მხარე დაიჭირა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:34 0:00

„თუ ეს ბიჭები დასაჭერები არიან, მაშინ დასაჭერები ვართ ათობით ათასი საერო და სასულიერო პირი, რომლებიც ასევე იქ ვიყავით. ჩვენ მათ ციხეში არ დავტოვებთ. 20 სექტემბრამდე, თუკი არ გაათავისუფლებთ ქალბატონი კელი დეგნანის სინდისის პატიმრებს, მაშინ ჩვენ ქუჩაში გამოვალთ და გინდა ხელისუფლების და გინდა ოპოზიციის წინასაარჩევნო ტილაობა უკან დაგრჩებათ, ისეთი საინტერესო თვითმმართველობის არჩევნები გვექნება”, - ამბობს „ალტ-ინფოს“ წამყვანი, ზურა მახარაძე საგანგებოდ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში და 20 სექტემბერს აქციას გეგმავს.

ზურა მახარაძე 20 სექტემბერს აქციას აანონსებს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:05 0:00

5 ივლისიდან ორი თვის შემდეგ პირველად ანალიზს აქვეყნებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი, სადაც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ „სახელმწიფოს მსგავსი არაეფექტიანობა საფრთხეს უქმნის არა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს, არამედ მთლიანად საზოგადოებრივ წესრიგს და მშვიდობას”.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს რეაგირება 5 ივლისის მოვლენებზე არაერთი მიმართულებით აჩენს კითხვებს, უპირველეს ყოვლისა კი პრობლემურია ძალადობრივი ინციდენტების უშუალო ორგანიზატორების დაუსჯელობა; ორგანიზაცია ხაზს უსვამს პარლამენტის არაეფექტიან მუშაობასაც. მათი შეფასებით, საკანონმდებლო ორგანომ არ გამოიყენა არსებული მექანიზმები აღმასრულებელი ხელისუფლების, კონკრეტულად კი, პოლიციის მოქმედებების სიღრმისეული შეფასებისთვის.

ცრურწმენა და სიამაყე
please wait

No media source currently available

0:00 0:56:32 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG