Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი ფანჯშირის ხეობაში გამარჯვებას აცხადებს, თუმცა წინააღმდეგობის ლიდერი "ეროვნული ამბოხების" მოწოდებით გამოდის


ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტის წევრები
ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტის წევრები

ავღანეთის ფანჯშირის ხეობაში წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი გამოდის "ეროვნული ამბოხის" მოწოდებით თალიბანის წინააღმდეგ - რომელიც აცხადებს, რომ უკვე მთლიანად დაიკავა პროვინცია, რომელსაც ოპოზიციის ძალები აფარებდნენ თავს.

ფანჯშირში 6 სექტემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებლად დადასტურება ჯერჯერობით არ ხერხდება. ხეობაში თალიბანმა გადაჭრა სატელეფონო, საინტერნეტო და ელექტროკავშირები. თუმცა ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც თალიბანის წევრები ფანჯშირის ძალების აწ გარდაცვლილი მეთაურის, აჰმად შაჰ მასუდის პორტრეტების წინ დადიან. აჰმად შაჰ მასუდი რეგიონი თავის დამცველად მიიჩნევს და მის ხსოვნას პატივს მიაგებს, მისი ვაჟი კი ამჟამად ხელმძღვანელობს ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტს, რომელიც აცხადებს, რომ თალიბანს განდევნის.

თალიბანმა ავღანეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე კონტროლი სამი კვირის წინ დაამყარა და ქაბულს 15 აგვისტოს დაეპატრონა, მას შემდეგ, რაც იქ დაემხო დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა.

"ჩვენო თანამემამულენო, სადაც უნდა იყოთ, შიგნით თუ გარეთ - მოგიწოდებთ დაიწყოთ საყოველთაო გაფიცვა ჩვენი სამშობლოს ღირსების, თავისუფლების და სიამაყის სახელით", - ამბობს ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის (NRFA) ლიდერი, აჰმად მასუდი ჯგუფის მიერ 6 სექტემბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.

"ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა, როგორც შეუძლია, და თქვას - ჩვენ არასოდეს შევურიგდებით შეურაცხყოფას", - ამბობს მასუდი და დასძენს, რომ ავღანელებს შეუძლიათ ყველა შესაძლო ფორმით იბრძოლონ, იქნება ეს შეიარაღებული ბრძოლა თუ საპროტესტო აქციების გამართვა.

მასუდი არაფერს ამბობს თალიბანის განცხადებაზე, რომ მათ ფანჯშირი დაიკავეს - თუმცა წინააღმდეგობის ფრონტის პრესმდივანმა, მაისამ ნაზარიმ ეს ცნობები უარყო და რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხეობაში ბრძოლა კვლავაც გრძელდება.

თალიბანის პრესმდივანი, ზაბიულა მუჯაჰიდი ამბობს, რომ ფანჯშირის ხეობაში ინტენსიური ბრძოლაა. ეს მთიანი ხეობა დედაქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და იქ 200,000-მდე ადამიანი ცხოვრობს. მუჯაჰიდის თქმით, სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი არ არის და თალიბანი "მალე" გამოაცხადებს მთავრობის შემადგენლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG