Accessibility links

site logo site logo

დღეს იხსნება საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია


დღეს, 7 სექტემბერს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პლენარული სხდომით გახსნის საშემოდგომო სესიას. 12:00 საათზე დანიშნულ სხდომამდე ერთი საათით ადრე პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდება.

საშემოდგომო სესიაზე განსახილველ საკითხებს შორისაა ორი მოსმენით უკვე მიღებული ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც ეხება 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ, 6 სექტემბერს განიხილა. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტით:

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისს ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე;

• ამნისტია გავრცელდება პირზე, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა;

• პირი, ვის მიმართაც გავრცელდება ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამნისტიის კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, საბოლოოდ შესრულებული იქნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული დოკუმენტის ერთ-ერთი პირობა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, როცა ივლისის ბოლოს "ქართულმა ოცნებამ" ანულირებულად გამოაცხადა "მიშელის დოკუმენტი", ისიც დაადასტურა, რომ მთელ რიგ სარეფორმო საკითხებს ბოლომდე მიიყვანდა.

ამნისტიის კანონპროექტი იყო "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასახელებული მთავარი მიზეზი, რომლის გამოც პარტიამ თავის დროზე, 2021 წლის აპრილში ხელი არ მოაწერა "მიშელის დოკუმენტს". დანარჩენი ოპოზიციის და "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებას "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ 2 სექტემბერს შეუერთდა. დაახლოებით ერთი თვით ადრე, 28 ივლისს, შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა "ქართულმა ოცნებამ", რომელმაც ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ერთ-ერთი ბრალდებული პირია საქმეზე, რომელსაც ამნისტია უნდა შეეხოს. მელიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

ამნისტიის კანონპროექტი ეხება 2019 წლის 19-21 ივნისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს, როცა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა. სამართალდამცავების მიერ სპეცსაშუალებებით აქციის დაშლისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ზოგიერთმა მძიმე დაზიანებები მიიღო და თვალი დაკარგა. ორი წელია უფლებადამცველები ხელისუფლებას მიუთითებენ, რომ 2019 წლის ივნისის აქციის მონაწილეთა დისპროპორციულად დასჯაზე პასუხისმგებელი პირების სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.

2019 წლის ივნისის საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეს, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს სხდომა მიჰყავდა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG