Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებებს


საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იწყებს საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას. საშემოდგომო სესია დღეს იხსნება. „ქართული ოცნების“ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ერთობლივად ინიცირებული კანონპროექტით:

მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი;

• მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები;

• მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ პარლამენტი სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელია.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით.

საკონსტიტიციო ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვის წინ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში განაცხადეს, რომ გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი პრობლემური იქნება. პარტიის თავმჯდომარის, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ამ ცვლილების ინიცირებას დათანხმდა, რადგან ეს ეწერა ოპოზიციასთან 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში, რომელიც უკვე ანულირებულია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული დოკუმენტის შესაბამისად, გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი მიზნად ისახავს პოლიტიკურ პროცესებში ოპოზიციის როლის გაზრდას.

„ეს არის იურიდიულად დამახინჯებული რეგულაცია და სრული აბსურდი, რომელიც არავითარ არც დამატებით ძალაუფლებას ანიჭებს ოპოზიციას და არც არაფერი... ერთადერთი მიზეზი, რატომაც ითქვა უარი ამ ნორმაზე, არის ის, რომ ეს არის უბრალოდ სიმახინჯე. მას არ აქვს არანაირი ანალოგი და პრეცედენტი არცერთ ქვეყანაში... სიმახინჯეები არ იწერება ქვეყნის მთავარ კანონში, კონსტიტუციაში“, - უთხრა 6 სექტემბერს მედიას ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 6 სექტემბერს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას იმ დათქმით, რომ სხდომაზე გაიმართება მსჯელობა გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ.

ოპოზიციური ფრაქციის, „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, შალვა შავგულიძის შეფასებით, მსგავსი ინიციატივა კარგი არ არის. კომიტეტის სხდომაზე შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა, თანმიმდევრულობა შეინარჩუნონ: „წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოხდება მსჯელობა, მაგრამ ეს არ იქნება ამ ქვეყნისთვის სასარგებლო“.

ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „მოქალაქეები“, მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიდან გენერალური პროკურორის შესახებ ჩანაწერის ამოღებას. პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის განცხადებით, კანონპროექტში არსებული ჩანაწერით, სავარაუდოდ, ვერ მოხდება გენერალურ პროკურორად ასარჩევ კანდიდატზე შეთანხმება, ისევე, როგორც ეს ვერ მოხერხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევისას: „ჩვენ მივიღებთ ერთი წლით არჩეულ გენპროკურორს, რომელიც იქნება კიდევ უფრო მორჩილი, ვიდრე გვყავს დღეს”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG