Accessibility links

site logo site logo

ყირგიზეთში რუსეთის ლიდერობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ სამხედრო წვრთნა წამოიწყო


ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე შესაძლო რეაგირების მიზნით რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (CSTO, ОДКБ) 7 სექტემბერს სამდღიანი სამხედრო წვრთნა, „რუბეჟი 2021“, წამოიწყო ავღანეთის მოსაზღვრე ყირგიზეთის ტერიტორიაზე.


რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის პრესცენტრის ცნობით, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ოპერატიული დაჯგუფებისა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები მონაწილეობენ ყირგიზეთის პოლიგონ „ედელვაისზე“ მიმდინარე მანევრებში. თავდაპირველად ერთობლივ მანევრებში ტაჯიკეთის სამხედრო ქვედანაყოფის მონაწილეობაც იგეგმებოდა, რაც ბოლო მომენტში, მასპინძლებისათვის გაურკვეველი მიზეზების გამო, გაუქმდა.

სწავლების სცენარი ითვალისწინებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ტერიტორიაზე შემოჭრილი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ბლოკირებას და ნეიტრალიზებას.
ჯამში წვრთნაში დაახლოებით 500 რუსი სამხედრო მოსამსახურე და 120 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ავიაცია, მონაწილეობს.


ორგანიზაციის პრესმდივანმა, ვლადიმირ ზაინეტდინოვმა ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ეგიდით მომდევნო წვრთნები ოქტომბერში ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვართან ახლოს არის დანიშნული.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია აერთიანებს სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს. ავღანეთთან მოსაზღვრე შუა აზიის ქვეყნები შეშფოთებული არიან ომით გაჩანაგებული ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეების გამო, ისევე, როგორც ათიათასობით ლტოლვილის გამო, რომლებიც შესაძლოა საზღვრებს მიაწყდნენ.

თალიბანი, რომელმაც ავღანეთი თითქმის სრულად დაიპყრო, მეზობელ ქვეყნებს და რუსეთს ამშვიდებს, რომ ის არანაირ საფრთხეს არ ქმნის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG