Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ ბიზნესმენ ანატოლი ბიკოვს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა ორმაგი მკვლელობის ორგანიზებისთვის


რუსეთის კრასნოიარსკის სასამართლომ კოლონიაში 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ბიზნესმენ ანატოლი ბიკოვს, რომელიც დამნაშავედ ცნო 1994 წელს ჩადენილი ორმაგი მკვლელობის ორგანიზებისთვის. ბიკოვი 90-იან წლებში კრასნოიარსკის ალუმინის ქარხნის თანამფლობელი და ოლქის ჩრდილოვანი გუბერნატორი იყო. ამასთან, იგი მხარს უჭერდა არაერთ რეგიონულ პოლიტიკოსს და აკრიტიკებდა ფედერალურ ხელისუფლებას.


განაჩენის თანახმად, 1994 წელს ბიკოვზე თავდასხმა განხორციელდა - თავდამსხმელებმა მისი აფეთქება სცადეს. მისი მოკვლის მცდელობაში ბიზნესმენმა ეჭვი მიიტანა ალექსანდრ ნაუმოვზე. გამოძიების თანახმად, ბიკოვმა ნაუმოვისა და მისი მეგობრის, კირილ ვოიტენკოს, მკვლელობა დაავალა კრიმინალურ ავტორიტეტს, ვლადიმირ ტატარენკოს და მის ორ თანამზრახველს. 1994 წლის 24 ივნისს ვოიტენკო და ნაუმოვი კრასნოიარსკის ერთ-ერთ ეზოში ჩაცხრილეს.

სასამართლო განაჩენი დაეფუძნა ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელ ვერდიქტს. 31 აგვისტოს ნაფიცმა მსაჯულებმა ორი ხმის უპირატესობით ბიკოვი ცნეს დამნაშავედ, რომელიც არ იმსახურებს შეწყალებას. წინ დღით პროკურატურამ ბიკოვისთვის 14 წლით და 11 თვით პატიმრობა მოითხოვა.

სასამართლომ ბიკოვის მიმართ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია განსასჯელის ასაკი, 61 წელი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, დადებითი დახასიათება და საქველმოქმედო საქმიანობა.


ბიკოვის დაცვა განაჩენს უსამართლოს უწოდებს და მის გასაჩივრებას აპირებს. მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG