აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 8 სექტემბერს გერმანიაში მოლაპარაკებას გამართავს იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ავღანეთიდან ათი ათასობით პირის ევაკუაციის და ახალ ადგილებში დასახლების პროცესებში - მათი, ვინც გასულ თვეში თალიბანის მიერ დამყარებულ მმართველობას გამოექცა. თალიბანმა ახალი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა, და მასში არიან ფიგურები, რომლებიც პოსტებს იკავებდნენ მათ უწინდელ, ფუნდამენტალისტურ ხელისუფლებაში, 1990-იან წლებში და შემდეგ მონაწილეობდნენ ორი ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმდინარე ომში.
ბლინკენი ჯერ იმყოფებოდა ყატარში - ყველაზე დიდ სატრანზიტო ცენტრში ავღანეთიდან აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საევაკუაციო ოპერაციისთვის - და შემდეგ იქიდან გაემგზავრა ევაკუირებული პირებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სატრანზიტო ადგილას, აშშ-ის საჰაერო ბაზაზე რამშტაინში, გერმანიაში.
პარალელურად, პაკისტანი აცხადებს, რომ უმასპინძლებს ვირტუალურ შეხვედრას ავღანეთის მეზობელი ქვეყნების - ჩინეთის, ირანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის - საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის, რათა განიხილონ შექმნილი ვითარება და "რეგიონული სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფის" გზები.
აშშ-ში და სხვა ქვეყნებში შეშფოთება გააძლიერა თალიბანის მიერ წარდგენილმა ავღანეთის ახალმა, მხოლოდ კაცებისგან შემდგარმა მთავრობამ, რომელსაც ხელმძღვანელობს გაეროს შავ სიაში მყოფი მოლა მოჰამად ჰასან ახუნდი. შუალედური კაბინეტის კიდევ ერთი წევრი, სირაჯუდინ ჰაყანი, FBI-ის მიერ არის ძებნილი.
ახალი მთავრობის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე თალიბანის მებრძოლებმა გაფრთხილების სახით ჰაერში ისროლეს, როცა ასობით ადამიანი ქაბულის ქუჩებში დემონსტრაციას მართავდა, თალიბანის წინააღმდეგ და ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით. დემონსტრანტები შიშობენ, რომ თალიბანი ავღანეთში აღადგენს უწინდელ, 1996-2001 წლების სასტიკ მმართველობას.
მას შემდეგ, რაც სწრაფად ჩატარებული სამხედრო შეტევის შედეგად ავღანეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავა - რასაც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის დამხობა მოჰყვა - თალიბანი აცხადებდა, რომ სურდა ინკლუზიური მთავრობის ფორმირება. ავღანეთის ახალი მმართველები ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში რთული გამოწვევების წინაშე არიან, მათ შორის ეკონომიკის სტაბილიზაციის, ჰუმანიტარულ კრიზისთან გამკლავების და საერთაშორისო აღიარების მოპოვების თვალსაზრისით.
დაწერეთ კომენტარი