Accessibility links

site logo site logo

ჩეხეთის, ავსტრიისა და სლოვაკეთის ლიდერები უარს აცხადებენ ევროკავშირში მეტი ავღანელი მიგრანტის მიღებაზე


ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვაკეთის მთავრობების ხელმძღვანელებმა ერთიანი პოზიცია დაიკავეს ევროკავშირში მეტი ავღანელი ლტოლვილის მიღების წინააღმდეგ, ბლოკში არსებული მზარდი შეშფოთების ფონზე მიგრანტთა მოზღვავების თაობაზე.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა 7 სექტემბერს განაცხადა, რომ ავღანელი ლტოლვილებისთვის ევროკავშირში ადგილი არ არის და ისინი ან ავღანეთში უნდა დარჩნენ, ან მის მეზობელ ქვეყნებში. "ევროპაში მათთვის ნამდვილად არ არის ადგილი", - განაცხადა ბაბიშმა ჩეხეთის ქალაქ ლედნიცეში ავსტრიისა და სლოვაკეთის მთავრობების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.

ეს სამი ქვეყანა, ევროკავშირის კიდევ ორ წევრთან, პოლონეთსა და უნგრეთთან ერთად, ცნობილია მკაცრი პოზიციით მიგრაციასთან მიმართებით, რაც ბლოკში ღრმა უთანხმოებას იწვევს მიგრანტების განაწილებასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც აგვისტოში ავღანეთს თალიბანი დაეპატრონა, გაიზარდა ევროპაში 2015 წლის მიგრანტთა კრიზისის გამეორების შიში - მაშინ ბლოკში ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში ომს და სიღატაკეს გამოქცეული მილიონზე მეტი ადამიანი.

ავსტრიის კანცლერი, სებასტიან კურცი ამბობს, რომ მისი ქვეყანა 21,3 მილიონ დოლარს გაიღებს ავღანელების დასახმარებლად ავღანეთის მეზობელ ქვეყნებში. "ვეცდებით მათი ტანჯვა შევამსუბუქოთ, მაგრამ ვთანხმდებით, რომ 2015 წელი აღარ უნდა მოხდეს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით უკანონო მიგრაციას და შევებრძოლებით ტრეფიკინგს", - თქვა კურცმა და დასძინა: "გვჭირდება გამოსავლის მოძებნა რეგიონში, რომ არ მოხდეს ევროპისკენ კიდევ ერთი მასობრივი მსვლელობა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG