Accessibility links

site logo site logo

ცხინვალი:დე ფაქტო პარლამენტარების მცდელობა მთავრობისთვის უნდობლობა გამოეცხადებინათ წარუმატებლად დამთავრდა


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა, 8 სექტემბერს, ხმათა უმრავლესობით მხარი არ დაუჭირა ბიბილოვის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. უნდობლობის საკითხის პროცედურა დე ფაქტო პარლამენტის თოთხმეტმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა წამოიწყო. ცოტა ხნის წინ რუსეთის სახაზინო აუდიტორებმა დე ფაქტო რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციები შეამოწმეს. შემოწმების აქტები ე.წ დეპუტატებმაც მოითხოვეს, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებისგან უარი მიიღეს. ეს გახდა უნდობლობის პროცედურის დაწყების მიზეზი.


კენჭისყრამდე დე ფაქტო პარლამენტის ვიცე სპიკერმა ალექსანდ პლიევმა კოლეგებს მიმართა და უნდობლობის გამოცხადების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ოსური მედიის ცნობით, პლიევმა მათ დეპუტატის უფლებამოსილების საკითხები შეახსენა.

ალექსანდ პლიევი
ალექსანდ პლიევი


„ჩვენი ერთ -ერთი მთავარი ფუნქციაა ბიუჯეტის კონტროლი. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, გამოყოფილმა ფინანსებმა მიაღწია თუ არა იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებამდე, ვისთვისაც ეს ფული იყო განკუთვნილი. ეს ყველაფერი ასახულია რუსეთის სახაზინო მაკონტროლებლების შემოწმების აქტში. რა უნდა უთხრათ თქვენ თქვენს ამომრჩევლებს? კითხვებზე რომ პასუხები მიიღოთ, ამ შემოწმების აქტს უნდა გაეცნოთ. რას უნდა მისცეთ ხმა, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ბიუჯეტის შესრულების კანონის განხილვას?“


დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ერთ დროს რამდენიმე ათეული მილიარდი რუბლი ბიუჯეტიდან გადიოდა, მაგრამ მაშინ დეპუტატებს მთავრობისთვის კითხვები არ დაუსვამთ სად წავიდა ეს ფული. "მხოლოდ ახლა იყო საჭირო ბიუჯეტის კონტროლი?".
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გაიხსენეს, რომ მაშინაც დე ფაქტო პარლამენტი ე.წ მინისტრთა კაბინეტისადმი უნდობლობის გამოცხადებას ცდილობდა, მაგრამ ინიციატივას პარლამენტარებმა მხარი არ დაუჭირეს.


მსგავსი შემთხვევა დე ფაქტო პარლამენტის უახლეს ისტორიაში უკვე იყო. საპარლამენტო უმრავლესობამ უნდობლობის გამოცხადება დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის ორ წევრისთვის ერთხელ უკვე სცადა. დე ფაქტო შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს - იგორ ნანიევს და ზალინა ლალიევას, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ციხეში პატიმრების წამების გამოვლენილ ფაქტებზე, დე ფაქტო პარლამენტის წევრთა უმრავლესობა გადაყენებით ემუქრებოდა. მაშინ დე ფაქტო პარლამენტის ხელმძღვანელობამ, რეგლამენტის დარღვევით, თითქმის ორი თვის განმავლობაში არ მოიწვია რიგგარეშე სხდომა. დე ფაქტო მინისტრების უნდობლობის საკითხი კი დე ფაქტო პრეზიდენტმა დეპუტატების ნაწილთან კულუარულად მოაგვარა.


ახლა კი უნდობლობის საკითხის დაყენების საფუძველი, საჯარო ინფორმაციის დამალვა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს ეხება და საჯაროა, დე ფაქტო აღმასრულებელი ხელისუფლება ე.წ. დეპუტატებს ეუბნება, რომ ეს სამსახურებრივი ინფორმაციაა და ასაიდუმლოებს. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ირღვევა დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუცია. ამიტომ ინფორმაციის გასაიდუმლოება ცხინვალში დიდი დისკუსიის საგანი გახდა.დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ამირან დიაკონოვი ამბობს, რომ დე ფაქტო მთავრობის ქმედება აღმაშფოთებელია.


„ისინი არღვევენ კანონს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დეპუტატის სტატუსის შესახებ”, რომლის მიხედვითაც, დეპუტატს ან დეპუტატთა ჯგუფს უფლება აქვთ მიმართონ სახელმწიფო ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოს, ნებისმიერ დაწესებულებას ინფორმაციის მოთხოვნით და ისინი ვალდებულნი არიან, მოგვაწოდონ ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადაში. ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების გამოყენების და საჯარო სახსრების ხარჯვის შესახებ საიდუმლო ვერ იქნება. ამ თვალსაზრისითაც კი, ისინი არღვევენ ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს”.


კიდევ ერთი ოპოზიციონერი ე.წ. დეპუტატი დავით სანაკოევიც მიიჩნევს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა გამოიძახონ პარლამენტში და მათ უნდა მოსთხოვონ ანგარიში ფინანსური ხარჯების შესახებ.
„თუ თქვენ, აღმასრულებელი ხელისუფლება, არ გვენდობით დეპუტატებს, მაშინ რატომ უნდა გენდოთ ჩვენ თქვენ?

ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ბიუჯეტი, შევიტანოთ ცვლილებები მასში, მივიღოთ კანონი ბიუჯეტის შესრულების შესახებ, მაგრამ რატომღაც ჩვენ არ გვაძლევთ აქტს, რომელშიც ჩავიხედავთ და ვნახავთ, რა დარღვევები ჩაიდინეთ. უფრო მეტიც, თქვენ ვალდებული ხართ, მოგვაწოდოთ ეს დოკუმენტი“. რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან ამბობს, რომ მოსკოვის აუდიტის დასკვნას ბიბილოვის ხელისუფლება დეპუტატებთან ერთად საზოგადოებასაც უმალავს.


„ინფორმაცია შემოწმების შედეგების შესახებ უკვე ჟონავს. ამბობენ, რომ უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. ახლა ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს ინფორმაცია როგორმე დამალოს, რათა ხალხმა ვერ გაიგოს, როგორ იხარჯება რუსეთიდან გამოგზავნილი ფინანსები. როგორ ხდება ამ ფულის მითვისება. მოსკოვს უკვე ეჭვი აქვს და აქ შემოწმება შემოწმებაზე ტარდება, რადგან სულ უფრო მეტი ფული იკარგება აშკარად. ამიტომ ჩვენი მთავრობა თუ არა, რუსეთი მაინც მოგვაწვდის ბოლოს და ბოლოს ინფორმაციას და ეს ალბათ კიდევ ერთი სკანდალის მიზეზი გახდება. ეს ინფორმაცია საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტმა.
8 სექტემბრის სესიაზე დე ფაქტო პარლამენტის თოთხმეტმა დეპუტატმა მთავრობის უნდობლობის საკითხს მხარი დაუჭირა,თვრამეტი კი წინააღმდეგ წავიდა. ადგილობრივი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამის შემდეგ პოლიტიკური კრიზისი უფრო გამწვავდება და დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზეა დანიშნული, პოლიტიკური ტემპერატურა პიკს მიაღწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG