Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყვარელში "საქართველოს ბანკში" შეჭრილი თავდამსხმელი 500 000 ითხოვს


ყვარელში "საქართველოს ბანკში" შეჭრილი თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვს. თავდამსხმელის მოთხოვნა "ფორმულას" გადაღებულ კადრებში ისმის.

აუდიოჩანაწერში შეუძლებელია ვალუტის გარჩევა - ის ითხოვს დოლარს თუ ლარს.

"საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. სავარაუდოდ, თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი.

ადგილზე მობილიზებული არიან საპოლიციო ძალები.

ბოლო ერთ წელში საფინანსო დაწესებულებაში შეჭრის ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამ დრომდე არ არის დაკავებული თითქმის ერთი წლის წინ ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" შეჭრილი თავდამსხმელი, რომელმაც ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის ზუგდიდში ბანკში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის იმ დროინდელ დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად. საქმეზე ბრალდებულია ბადრი ესებუა, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG