Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმანისში ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა იპოვეს


დმანისში ჰომინიდების (პრეისტორიული ადამიანები) გავრცელების ახალი კერა აღმოაჩინეს, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

მუზეუმის მკვლევართა გუნდმა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანთან, საქართველოში აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა გამოავლინა, რომელიც 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება.

კარგად შემონახულ განამარხებულ ცხოველთა ნაშთებთან ერთად, გამოვლინდა დმანისის მსგავსი ადრეპალეოლითური (1.77-1.84 მილიონი წელი) არტეფაქტები – ქვის იარაღები, ანატკეცები და ა.შ. ამ აღმოჩენით გაჩნდა მტკიცებულება, რომ დმანისის ცნობილი არქეოლოგიური ძეგლის გარდა, კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის პრეისტორიული ობიექტი არსებობს.

„ეს ძეგლი თარიღით დმანისის ძველი აღმოჩენის (საუბარია ზეზვასა და მზიაზე) თარიღს ემთხვევა, იარაღებიც იდენტურია და ფაუნაც საკმაოდ ჰგავს. იგივე ხეობაა, იქ ადრე პალეო ტბა იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, როგორც ჩანს, აფრიკიდან რომ გამოვიდა ადამიანი დასახლდა სამხრეთ კავკასიაში, რადგან ძალიან დიდი გავრცელება გვაქვს დმანისის ტერიტორიაზე“, - ამბობს ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილი.

ოროზმანის გათხრები
ოროზმანის გათხრები
ოროზმანის გათხრები
ოროზმანის გათხრები

მუზეუმიში აცხადებენ, რომ ოროზმანის აღმოჩენა დიდ სამეცნიერო ინტერესს იწვევს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს შორის, რადგან მტკიცდება, რომ სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი დმანისის შემოგარენი, მასიურად იყო ათვისებული აფრიკიდან ევრაზიაში მიგრირებული უძველესი ჰომინიდების (Homo erectus) ჯგუფების მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG