Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანდემიასთან საბრძოლველად ბაიდენმა გამოაცხადა ვაქცინაციის ახალი, მკაცრი ვალდებულებები


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის შენელებასთან საბრძოლველად გამოაცხადა ახალი, მასშტაბური გეგმა, რომელში გათვალისწინებული ვალდებულებებიც 100 მილიონამდე ამერიკელს შეეხება და რომელსაც კრიტიკოსები პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაჭარბებად აფასებენ.

9 სექტემბერს, თეთრ სახლში გამოსვლისას ბაიდენმა გააკრიტიკა 80 მილიონამდე ამერიკელი, რომლებიც კვლავაც აუცრელები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები უკვე თვეებია ხელმისაწვდომია და კორონავირუსის ახალი, დელტა ვარიანტი იწვევს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდას. "ჩვენ მოთმინებას ვავლენდით. მაგრამ ჩვენი მოთმინება იწურება, და თქვენი უარის საფასურს ყველა ჩვენგანი იხდის", - თქვა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ინფიცირების მძიმე შემთხვევების უმეტესობა აუცრელ პირებზე მოდის.

ვირუსთან საბრძოლველი, ექვსი ეტაპისგან შემდგარი სტრატეგიის ფარგლებში, ბაიდენმა მასშტაბური ახალი წესები გამოაცხადა ყველა დამქირავებლისთვის, ვისაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს - მათ თანამშრომლებს უნდა მოსთხოვონ, აიცრან, ან ვირუსზე ყოველკვირეულად გაიარონ შემოწმება. გეგმის კიდევ ერთი ნაწილია სავალდებულო აცრა ფედერალური უწყებების ყველა თანამშრომლისა და კონტრაქტორისთვის - რითიც გაუქმდა აქამდე მოქმედი შესაძლებლობა, რომელიც აცრების ნაცვლად რეგულარული ტესტირების შესაძლებლობას ტოვებდა. ეს შეეხება მილიონობით პირს, რომელთა ნაწილი, აუცრელობის შემთხვევაში, შეიძლება სამსახურებიდან გაათავისუფლონ.

რესპუბლიკელებმა მყისიერად გააკრიტიკეს ბაიდენი, და მისი გეგმა პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაჭარბებად მიიჩნიეს. რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას უჩივლებს, რათა სავალდებულო ვაქცინაცია არ განხორციელდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG