Accessibility links

site logo site logo

ფატი ბარჯაძე: „მოქალაქეებმა“ ზუსტად ვიცით, რა უნდა ჩვენს ამომრჩეველს


ფატი ბარჯაძე, "მოქალაქეების" მაჟორიტარი კანდიდატი თბილისის მთაწმინდის რაიონში

„მოქალაქეების“ მაჟორიტარი კანდიდატი თბილისის მთაწმინდის რაიონში, საკრებულოში პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომერი ფატი ბარჯაძე რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ აღნიშნავს, რომ „მოქალაქეებმა“ ზუსტად იციან, რა უნდათ მათ ამომრჩევლებს. გადაცემაში მან განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, ვინ გახდება თბილისის მერი, მზადაა, მასთან პრობლემების მოგვარებაზე იმუშაოს, არასათანადო გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში კი მას მოსვენების საშუალებას არ მისცემს:

„ნამდვილად სულერთია, ვინ იქნება მერი - კახა, ანა, ნიკა, მეორე ანა, თამარი, გიორგი... ნამდვილად სულერთია იმიტომ, რომ ჩვენი მუშაობის მიმართულება უკვე ძალიან კარგად გვაქვს დანახული. ზუსტად ვიცით, რა არის საკრებულოს კომპეტენცია. და მერი თუ იმუშავებს თბილისისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებზე, ჩვენც ვიმუშავებთ მასთან ერთად, მაგრამ, როგორც კი შევატყობთ, რომ ეს გადაწყვეტილება თბილისის მოსახლეობის ინტერესებს არ მიესადაგება, ნამდვილად ხმამაღლა, გარკვევით, ყოველთვის დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და არ მივცემთ მას მოსვენების საშუალებას“, - განაცხადა ფატი ბარჯაძემ „დღის საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ ვინც უნდა იყოს მერი, გვერდს ვერ აუვლის იმ პრობლემებს, რომლებსაც „მოქალაქეები“ დააყენებენ დღის წესრიგში.

„დავანახებთ კონსტრუქციული მიდგომით და კონსტრუქციული დიალოგით, რომ ეს ნამდვილად ყველაზე აქტუალური პრობლემაა და არ შეიძლება ამ პრობლემას გვერდი აუარო და თვალი დახუჭო“, - აღნიშნა ფატი ბარჯაძემ. მისი შეფასებით, პრობლემები თბილისში ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს - პრობლემები, რომლებიც საერთოა მთლიანად დედაქალაქის მოსახლეობისთვის და პრობლემები, რომლებიც სპეციფიკურად აწუხებს კონკრეტულ უბანს. მთაწმინდის, სადაც იგი „მოქალაქეების“ მაჟორიტარი კანდიდატია, მთავარ პრობლემად ფატი ბარჯაძე ავარიული სახლების პრობლემას ასახელებს.

„ყველამ ვიცით, რომ ავარიული სახლი არის 10 000 და 10 000 არის და არის. აღრიცხვას როდესაც აკეთებენ, სვამენ ავარიული სახლების ნუსხაში და ელოდებიან, როდის ჩამოინგრევა, ჩამონგრევის მერე გამოიყვანენ ამ ადამიანებს და გაურკვეველი ვადით ქირით აცხოვრებენ და თვითონ მოსახლემ არ იცის, როდის რა იქნება. ყველაზე დიდი პრობლემა არის გაურკვევლობა. გაურკვევლობა იმისა, ხვალ რა იქნება“, - განაცხადა ფატი ბარჯაძემ. მისი თქმით, საჭიროა გაიწეროს კონკრეტული გეგმა, როდის რომელი სახლი გაკეთდება და როგორ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ცესკოს თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას 48 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები მიიღებენ. უშუალოდ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობისთვის 16 სუბიექტის წარმომადგენლები იბრძოლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG