Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი კანცლერის რანგში ბოლოჯერ ესტუმრა პოლონეთს


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ამ პოსტზე მისი ბოლო ვიზიტის ფარგლებში, 11 სექტემბერს პოლონეთში ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ცნობილია, რომ მერკელი, რომელიც 2005 წლიდან იმყოფება კანცლერის თანამდებობაზე, 26 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადადგება თანამდებობიდან.

პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, ანგელა მერკელმა და პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განიხილეს პოლონეთ-ბელარუსის აღმოსავლეთ საზღვარზე მიგრანტების გადაადგილების გამო შექმნილი ვითარება, რაც ევროკავშირის სულ უფრო მეტი ქვეყნის შეშფოთებას იწვევს.

პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ხელისუფლებები ბელარუსის ავტოკრატ ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ადანაშაულებენ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების პასუხად ახლო აღმოსავლეთიდან დაძრული მიგრანტების თავმოყრაში პოლონეთის საზღვართან. გავრცელებული ინფორმაციით, მერკელის ვიზიტს, შესაძლოა, ჩრდილი მიადგეს ევროპაში რუსეთის გაზის ტრანსპორტირების მიზნით დაწყებული გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის გამო, რომლის განხორციელებასაც მრავალი წელია ეწინააღმდეგებიან პოლონეთი, უკრაინა და აშშ.


ანგელა მერკელი მტკიცედ უჭერს მხარს აღნიშნულ გაზსადენს, რომლის საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრი აირია და, პროექტის თანახმად, უკრაინის გვერდით ავლით, საწვავს რუსეთიდან ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით პირდაპირ გერმანიას მიაწვდის.


ნიშანდობლივია, რომ მერკელის პოლონეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დაასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG