Accessibility links

site logo site logo

ვგმობთ ტერორიზმს და მის ყოველგვარ გამოვლინებას: საგარეო სამინისტრო 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავზე


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ტერორისტული აქტების 20 წლისთავთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს დაუნდობელი მოვლენები დიდი დარტყმა იყო და მან სამუდამოდ შეცვალა მსოფლიო.

„დღეს, საქართველო კიდევ ერთხელ იხსენებს და პატივს მიაგებს ამ ტრაგედიის ყველა მსხვერპლს, მათ ოჯახებს, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს. ჩვენ პატივს მივაგებთ ნამდვილ გმირებს, პოლიციის მამაც ოფიცრებსა და მეხანძრეებს, რომლებმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს, ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ საქართველო გმობს ტერორიზმს და მის ყოველგვარ გამოვლინებას:

„საქართველომ დაამტკიცა, რომ ის სანდო პარტნიორია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენი საერთო მიზნისთვის, რაც მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებას გულისხმობს. 2001 წლის 11 სექტემბრის მსხვერპლთათვის და ამ დღეს გადარჩენილთათვის პატივის მიგების საუკეთესო გზა უფრო მეტად მშვიდობიანი მსოფლიოსათვის ერთობლივ სწრაფვაზე გადის“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდებზე პერსონალურად გამოეხმაურნენ ასევე საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი.

„ეს თარიღი ცხადად გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ. საქართველო შეერთებული შტატების და სხვა მოკავშირეების გვერდით დგას მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად, რათა მსოფლიო უკეთეს და მეტად უსაფრთხო ადგილად იქცეს ამ სამყაროში“, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით კი, 11 სექტემბრის გლობალურ ბოროტებაზე პასუხი სოლიდარობა იყო:

„20 წლის წინ 11 სექტემბრის ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა. 20 წლის წინ საერთაშორისო საზოგადოება ერთად დადგა გლობალური უსაფრთხოების დასაცავად. საქართველო განაგრძობს ამ საქმეში თავისი წვლილის შეტანას. გლობალური პასუხი ბოროტებაზე იყო სოლიდარობა, გაკვეთილი, რომელიც არასდროს უნდა დავივიწყოთ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველო დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით, რათა დარწმუნდეს, რომ არასდროს განმეორდება ასეთი საშინელი ტერორისტული თავდასხმა.

„20 წლის წინ სასტიკმა ტერორისტულმა თავდასხმამ შეიწირა უდანაშაულო ადამიანები და ათასობით დააზარალა. ვუერთდებით იმ ადამიანებს, რომლებიც პატივს მიაგებენ დაღუპულებს და ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ასეთი საშინელი ტერორისტული თავდასხმა აღარასოდეს განმეორდება“, - წერს დავით ზალკალიანი.

"ჩვენ გვახსოვს 11 სექტემბრის შოკისმომგვრელი ტრაგედია და პატივს მივაგებთ იმ დღის მსხვერპლს და გადარჩენილებს", – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავა .

„ჩვენ აღვნიშნავთ ასევე იმ საზოგადოებების გამძლეობას, რომლებიც წინ აღუდგნენ ამ ბარბაროსობას და ვიმეორებთ ჩვენს მოვალეობას, დავიცვათ საერთო ღირებულებები და იდეალები“, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

2001 წლის 11 სექტემბერს, „ალ-ყაიდის“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა გატაცებული თვითმფრინავებით თავდასხმები განახორციელეს ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებსა და ვაშინგტონთან მდებარე პენტაგონის შენობაზე. მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი, სადაც ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად სამი ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი თავდასხმების შემდეგ, აშშ-მა „ალ-ყაიდის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ერაყსა და ავღანეთში. „ალ-ყაიდის“ ლიდერი ოსამა ბინ ლადენი ამერიკელმა სპეცრაზმელებმა 2011 წლის მაისში, პაკისტანში მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG