Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: მომდევნო 3 წელი ქვეყანაში არჩევნები აღარ გვექნება


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხალხი დაიღალა ყოველ წელს არჩევნების ჩატარებით და 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმით, რომ მომდევნო სამი წელი ქვეყანაში არჩევნები აღარ იქნება:

„ყოველ წელს ეს პოლიტიკური უსაგნო, უსაფუძვლო ბატალიები უნდა დასრულდეს ქვეყანაში. ჩვენ, ყველამ ერთად, როგორც მთავრობამ, ასევე ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება მთავარ საქმეზე, იმ მთავარ პრობლემებზე, გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ სრული მობილიზება უნდა გავაკეთოთ, მშვიდად ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხის მერობის კანდიდატის, ირაკლი ლაზარაშვილის წარდგენისას.

პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ყველგან წარმატებას მიაღწევს:

„არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ვიცით და გვჯერა, რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს „მიშელის შეთანხმების“ იმ დათქმის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება დატოვა და აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში 1 პროცენტიც რომ აიღოს, საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG