Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყვარელში, ბანკზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ, 49 წლის შალვა მელიქიშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინე ცერცვაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

პროცესზე დაცვის მხარე 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას ითხოვდა, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა.

დაკავებულის ადვოკატმა ლეილა გარსევანიშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აღიარა. ადვოკატის თანახმადვე, ბრალდებულმა მომხდარის მოტივად დაასახელა დიდი რაოდენობით (52 ათასი ლარი) საბანკო ვალდებულება.

ბრალდებული თელავის რაიონული სასამართლოდან გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

დაკავებულ მელიქიშვილს ედავებიან ტერორისტული აქტის ორგანიზებას, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.

შს სამინისტროს ვერსიით, შეიარაღებული პირი ბანკში 9 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

"საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული თელავში ცხოვრობს და წლების განმავლობაში მუშაობდა უფროს მზარეულად.

მისი დამსაქმებლის, შოთა დემინაშვილის ინფორმაციით, დაკავებული ბოლო დროს ალკოჰოლდამოკიდებული იყო და არაადეკვატურად იქცეოდა.

შალვა მელიქიშვილი 9 სექტემბერს, სამართალდამცველებმა 4-საათიანი სპეცოპერაციის დროს განაიარაღეს და დააკავეს. გამოძიების ვერსიით, შეიარაღებულმა ელიქიშვილმა, დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში 13 პირი მძევლად აიყვანა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG