Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FBI-მ განასაიდუმლოვა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის გამოძიების მიერ მომზადებული პირველი დოკუმენტი


აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ შაბათს განასაიდუმლოვა პირველი დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება 2001 წლის 11 სექტემბრის საავიაციო ტერაქტების გამოძიებას. მანამდე ტერაქტების მე-20 წლისთავზე რიგი დოკუმენტებისთვის საიდუმლოს მოხსნის თაობაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა განკარგულება.

დოკუმენტები, რომელთა გამოქვეყნებაც იგეგმება, 11 სექტემბრის მოვლენებში საუდის არაბეთის კვალს შეეხება. მათ განსაიდუმლოებას ითხოვდნენ ტერაქტების დროს დაღუპულთა ნათესავები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ტერაქტების მომზადებასთან კავშირი შესაძლოა საუდის არაბეთის ხელისუფლებას ჰქონოდა.


2015 წლის აპრილში შედგენილ დოკუმენტში ასახულია ლოს-ანჯელესში საუდის არაბეთის საკონსულოს თანამშრომლის დაკითხვა, რომელსაც კავშირი ჰქონდა ხალხთან, რომლებმაც მნიშვნელოვანი „მატერიალურ-ტექნიკური“ მხარდაჭერა აღმოუჩინეს 19-დან 2 ტერორისტს. დაკითხულთა ვინაობა დოკუმენტში არ არის მითითებული, მაგრამ დასახლებულია საუდის არაბეთის რამდენიმე მოქალაქის სახელი, რომლებსაც კონტაქტი უნდა ჰქონოდათ მომავალ ტერორისტებთან.

დოკუმენტში არ არის არავითარი მტკიცებულება, რომ ელ-რიადის ხელისუფლებამ იცოდა ტერაქტების მზადების შესახებ.

ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში შაბათს გაიმართა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონია, რომელშიც მონაწილეობდნენ აშშ-ის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები: ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი.


20 წლის წინ ამ დღეს, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე განხორციელებული საავიაციო ტერაქტის შედეგად, და ასევე ტერორისტების მიერ გატაცებულ 4 თვითმფრინავში, დაახლოებით, 3000 ადამიანი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG