Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში ყირიმის ანექსიის სავარაუდო მონაწილე დააკავეს


პრაღის აეროპორტში უკრაინის თხოვნის საფუძველზე საერთაშორისო ძებნაში მყოფი რუსეთის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ რუსული სააგენტო რია-ნოვოსტი იუწყება ჩეხეთის პოლიციის პრეზიდიუმის პრესმდივანზე დაყრდნობით.

უფრო ადრე, ანექსირებული ყირიმის რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ალექსანდრ მოლოხოვმა, სააგენტოს აცნობა პრაღაში „ყირიმის გაზაფხულის“ აქტივისტის, ალექსანდრ ფრანჩეტის დაკავების შესახებ.

„ჩანს, ჩეხეთმა გადაწყვიტა, რომ გაამართლოს რუსეთის მიმართ არამეგობრულ ქვეყანათა სიაში მოხვედრა და სამსახური გაუწიოს უკრაინელ ნაციონალისტებს“, - განაცხადა მოლოხოვმა, რომლის თქმით, ფრანჩეტი შესაძლოა გადაეცეს უკრაინას, სადაც მას აშკარა სიკვდილი ელოდება.

რუსეთის საელჩომ დაადასტურა ფრანჩეტის დაკავება, თუმცა სხვა დეტალები უცნობია. უცნობია, კერძოდ, თუ რა დანაშაულში სდებს ბრალს უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეს.

ორი წლის წინ რადიო თავისუფლება წერდა, რომ რუსი ალექსანდრ ფრანჩეტი ჩეხეთის კონტრდაზვერვის არეალში მოხვდა იმის გამო, რომ ჩეხური ბინადრობის უფლების მქონე პირი, 2014 წელს აქტიურ მონაწილეობას იღებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში.

გამოცემა iROZHLAS.cz-ს თანახმად, რუსეთის მიერ ოპერაციის დაწყებამდე ფრანჩეტიმ ყირიმში შექმნა დაჯგუფება „ჩრდილოეთის ქარი“, რომელშიც 11 კაცი შედიოდა. ჯგუფი პასუხს აგებდა ელექტროგადამცემი ხაზების და გაზსადენის დაცვაზე, ასევე „ექსტრემისტული ჯგუფების“ გამოვლენაზე.


ამის თაობაზე ინფორმაცია ფრანჩეტიმ დაადასტურა ინტერვიუში, რომელიც იუტუბზეა გამოქვეყნებული.


ჩეხ ჟურნალისტთან ინტერვიუში რუსეთის მოქალაქემ თქვა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე წავიდა იქაური მცხოვრებლების დასაცავად „უკრაინელი ექსტრემისტებისაგან“. ფრანჩეტი ამტკიცებდა, რომ არ დაურღვევია საერთაშორისო კანონმდებლობა.

ჩეხეთის მედიის თანახმად, ფრანჩეტი 2000 წლიდან მუდმივად ცხოვრობს პრაღაში და მწვრთნელად მუშაობს ერთ-ერთ ფიტნესკლუბში.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში იმხანად ფრანჩეტის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამ წლის სექტემბრის დასაწყისში პრაღის სასამართლომ 20 წლით პატიმრობა შეუფარდა არაერთგზის ნასამართლევ ირჟი ურბანეკს, რომელიც დამნაშავედ იქნა მიჩნეული დონბასში ტერორისტული ჯგუფის რიგებში მონაწილეობისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG