Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსპირაციული თეორია


ავტორი: გიორგი აბულაძე

კონსპირაციული იგივე შეთქმულების თეორია — არის თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენ გარშემო ყველა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა სახის ცვლილება გავლენიან ადამიანთა მცირე ჯგუფის „შეთქმულების“ შედეგია, რომლებიც მსოფლიოს „კულისებიდან“ მმართავენ. ადამიანთა ეს ჯგუფი წარმოადგენს მდიდარ ელიტას რომლებიც საკუთარი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ ეგოისტურ გადაწყვეტილებებს. კონსპირაციული თეორიების მიმდევრებს ყველაზე მეტად სწამთ, რომ არსებობს ფარული საზოგადოება (მასონები იგივე ალუმინატები), რომლებიც არიან ეშმაკისეულნი და სურთ დაამყარონ ახალი მსოფლიო წესრიგი (ლათინურად - Novus Ordo Seclorum), სადაც აღარ იარსებებენ სუვერენული სახელმწიფოები, იქნება საერთო ფული და მმართველობა. იმისათვის რომ ეს ერთიანობა შედგეს აუცილებელია გაქრეს რელიგიები, ეროვნულობა და ყველაფერი ის, რაც ადამიანებს ერთმანეთისგან ყოფს. საბოლოოდ ეს ყველაფერი ქმნის წინაპირობას ანტიქრისტეს გამეფებისას დედამიწაზე.

რატომ სჯერათ ადამიანებს კონსპირაციების?

აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის მოსახლეობის დაახლ. 20-30% თვლის, რომ კონსპირაციული თეორიები სრულიად ან გარკვეულწილად მართალია. ეს ციფრი პატარა არ არის, თუმცა გაცილებით ნაკლებია ვიდრე მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპაში ან დასავლეთ აზიაში, სადაც მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს სჯერა კონსპირაციების, მათ შორის საქართველოში. კონსპიროლოგები არ აანალიზებენ ფაქტებს და არ აკეთებენ აქედან გამომდინარე დასკვნებს, არამედ ისინი პირიქით, უკვე წინასწარ გამზადებულ დასკვნას არგებენ ფაქტებს. მკვლევრები ფიქრობენ, რომ შეთქმულების იდეა არის ფსიქოლოგიურად მავნე და პათოლოგიური. შეთქმულების თეორიების რწმენა დაკავშირებულია დაბალ ანალიტიკურ აზროვნებასთან და ინტელექტთან. კონსპირაციული თეორიების რწმენა შეიძლება გადაიზარდოს პარანოიაშიც კი (ქრონიკული ფსიქოზი, როდესაც ლოგიკურად დალაგებული ბოდვითი იდეების სისტემა ყალიბდება, მაგრამ ჰალუცინაციები და შიზოფრენიული ტიპის აზროვნების დარღვევა არ აღინიშნება).

ისტორიულად კონსპირაციები დაკავშირებულია ცრურწმენებსა და პროპაგანდასთან. კონსპირაციების გავრცელებას ხშირად მიმართავდნენ საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის მთავრობები.

კონსპირაციული თეორიის მიმდევრები ხშირად განიცდიან ემოციურ კმაყოფილებას და თავდაჯერებას იმის გამო, რომ მათ არ სჯერათ ოფიციალური ცნობებისა თუ ისტორიული ფაქტების და აქვთ საიდუმლო, განსხვავებული ცოდნა, რაც მათ სძენთ განცდას, რომ ისინი არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები. გენიალური შექსპირი ამბობდა „არაფერია იმაზე გავრცელებული, როგორც სურვილი, რომ გამორჩეული იყო“. კონსპირაციების რწმენას აქვს ღრმა ფსიქოლოგიური და სოციალური საფუძვლები, რომლებიც უკავშირდება ადამიანთა თვისებას, რომ მათი უუნარობა თუ უმწეობა სხვა ზემდგომ რაღაცებს დაუკავშიროს (მაგალითად, მოსაზრება, რომ ჩვენს მდიდარ პარტნიორებს არ სურთ, რომ საქართველო წარმატებული იყოს).

გავრცელებული კონსპირაციები საქართველოში

საქართველოში გავრცელებული კონსპირაციები ძირითადად პოლიტიკას უკავშირდება. ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია შეთქმულებები კოვიდვაქცინის გარშემო. საუბედუროდ საზოგადოების რაღაც ნაწილს სერიოზულად სჯერა, რომ ვაქცინაში არის ჩიპი ან სხვა რაიმე მექანიზმი, რომელიც მასების მართვას შეძლებს. მტრული და არასახელმწიფოებრივი ძალების მიერ ხდება კონსპირაციების წახალისება საკუთარი მავნე ინტერესების განსახორციელებლად. 21-ე საუკუნეში მასობრივი ინფორმაციების საშუალებების განვითარებასთან ერთად იმატა კონსპირაციების გავრცელებამაც. საქართველოში უკანასკნელ ხანებში არაერთი კონსპიროლოგი და კონსპირაციული თეორიების პროპაგანდის გზები გაჩნდა, რაც წამლავს ისედაც უმწიფარ და დაქსაქსულ ქართულ საზოგადოებას. შეიძლება ბევრ კონსპიროლოგს არც სჯერა საკუთარი ბოდვების, თუმცა კონფორმისტულად სარგებლობს საზოგადოების უმეცრებით და ავრცელებს სხვადასხვა კონსპირაციას. ხშირად ასეთი ადამიანები აცხადებენ პრეტენზიას ჭეშმარიტ ქრისტიანობასა და რელიგიურობაზე. ბევრი კონსპირაციის მიმდევარი საკუთარი სუსტი გონებრივი შესაძლებლობების გამო არ არის მყარი საკუთარ პოზიციებში, ამიტომ აუცილებელია მათთან ურთიერთობა, ზოგჯერ მარგინალიზაცია, რათა მათ იგრძნონ საკუთარი რწმენის მანკიერება და შეიცვალონ მოსაზრებები. აუცილებელია მოაზროვნე ადამიანებმა იმუშაონ ფართო საზოგადოების ანალიტიკური უნარის გაუმჯობესებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG