Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-კორეა: მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამაერთიანებელი დოკდო


ავტორი: თამთა ბიბილაშვილი

სამხრეთმა კორეამ საკმაოდ მოკლე პერიოდში მიაღწია ეკონომიკურ განვითარებას და შექმნა სტაბილური სოციალურ-პოლიტიკური გარემო, საკმაოდ რთული პერიოდი განვლო და სწრაფი ტემპით მიაღწია განვითარებას. „კორეული ტალღა“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. ცნობილმა კორეელმა მუსიკოსთა ჯგუფმა BTS-მა 2017 წელს ბილბორდის ჯილდოს მიღების შემდეგ უფრო მოიხვეჭა სახელი. 2019 წელს კი რეჟისორ ბონ ჯუნ ჰოს ფილმმა „პარაზიტები“ ოსკარის ჯილდო მიიღო და მსოფლიო აალაპარაკა. კორეის კულტურით დაინტერესებულთა რიცხვიც ყოველდღე იზრდება. კორეა და საქართველო თავიანთი დიპლომატიური ურთიერთობების 29 წელიწადს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის არაერთი ღონისძიება ჩატარდა. ორ ქვეყანას მრავალ მსგავსებათა შორის ერთ-ერთი ტერიტორიული კონფლიქტის საკითხია. საქართველოში ეს პრობლემა მწვავედ დგას, რადგანაც რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული. პარალელურად, კორეასა და იაპონიას შორის დოკდოს კუნძულის შესახებ იმართება დისპუტი.

დოკდო აღმოსავლეთის ზღვაში კორეის რესპუბლიკის გიონგსანბუკის პროვინციის ულინგის რეგიონში მდებარეობს. დოკდოს კუნძული კორეის ტერიტორიის ბუნებრივ მონუმენტად 1982 წელს გამოცხადდა. თუმცა იაპონია მას თავის ტერიტორიად მიიჩნევს. დოკდოს სამხრეთ კორეის ტერიტორიულ კუთვნილებაში შესვლის არაერთი მტკიცებულება არსებობს. კორეის უძველეს ოფიციალურ დოკუმენტებში იგი კორეის ტერიტორიად მოიხსენიება. ჩანაწერები 512 წელს 3 სამეფოს პერიოდიდან (გოგურიო, ბეკჯე, სილას სამეფოები კორეის ტერიტორიაზე) დოკდოს უსანგუგის (სილას სამეფოს) დაქვემდებარებაში ყოფნას ადასტურებს. (“დონგგუკის ლიტერატურული ჩანაწერები“, 1770წ.)

დოკდოს ტერიტორიული უზენაესობის შესახებ იაპონიას 695 წელს შეეკითხნენ, რაზეც დოთორიბონის (დოთორის პრეფექტურა) სამეფომ დოკდოს თავიანთი ტერიტორიის შემადგენლობაში შესვლაზე ოფიციალური უარი განაცხადა. 1951 წლის სან-ფრანცისკოს მშვიდობის ხელშეკრულების მიხედვით მე-2 მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, იაპონიამ აღიარა კორეის სრული დამოუკიდებლობა და ჯეჯუს, გომუნის და ულინგის კუნძულების ჩათვლით თავისი ზეგავლენა უარყო. ამ შემთხვევაში ის, რომ ჩანაწერში კერძოდ დოკდო არ არის ნახსენები არ ნიშნავს იმას, რომ დოკდო კორეის ნაწილი არ არის. დოკდოზე კორეელი მოქალაქეები ცხოვრებენ და ის ფაქტი, რომ კუნძული იაპონიაზე უფრო მეტად კორეასთან ახლოს მდებარეობს, დამატებით არგუმენტად შეიძლება მოვიაზროთ.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკეშიმა (ასე უწოდებენ იაპონელები დოკდოს) კორეის ტერიტორია არ არის. ისინი აცხადებენ, რომ, რადგანაც დოკდო სან-ფრანცისკოს მშვიდობის ხელშეკრულებაში არ არის ნახსენები, სამხრეთმა კორეამ ის უკანონოდ მიისაკუთრა. იაპონია მიიჩნევს, რომ 1905 წელს სიმანეს სამეფომ დაკეშიმა თავის ტერიტორიად ჩათვალა და რომ ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა არგუმენტად ვერ მიიღება. თუმცა იაპონიის ყველა არგუმენტი თავის მართლებისგან არაფრით განსხვავდება. როგორც მე-2 მსოფლიო ომის პერიოდში იაპონელი ჯარისკაცების მიერ კორეელი ქალების სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, მათ დაზარალებულებს არ სთხოვეს პატიება, ასევე, ამ პრობლემასთან მიმართებითაც, წარსულში საკუთარი დანაშაულის აღიარება იაპონიას მეტად უძნელდება.

კორეისა და იაპონიის ურთიერთობა სხვადასხვა მხრივ განიცდის სირთულეს. ამჟამად დოკდო ოფიციალურად კორეის რესპუბლიკის ტერიტორიად არის აღიარებული. ის კორეელებისთვის მეტად ძვირფასია და საკუთარი ტერიტორიის დაცვის დიდი სულისკვეთება აქვთ. ამიტომ საჭიროა ორმა ქვეყანამ გაითვალისწინოს ერთმანეთის აზრი და გაიმართოს ეფექტური კომუნიკაცია. საჭიროა, იაპონიამ აღიაროს წარსულის ფაქტები და ოფიციალურად სთხოვოს პატიება კორეას.

2012 წლიდან დოკდოს ფონდი და კორეის ასოციაცია საქართველოში ატარებს ყოველწლიურ კორეულ კინოფესტივალს „ულამაზესი კორეა“. ღონისძიება ემსახურება კორეული კულტურის, დოკდოს ისტორიის გაცნობას, კორეის კულტურასთან დაკავშირებული უამრავი აქტივობის გამოცდას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოში მყოფ კორეის კულტურით დაინტერესებული პირებს დროის ხალისიანად გატარებასთან ერთად პრიზების მიღების შანსი ეძლევათ. მომავალშიც კორეის მიმართ ქართველი აუდიტორიის ინტერესი გაღვივდება და მრავალი სხვა აქტივობის მოწყობით ამ ორ სახელმწიფოს შორის მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდება.

ამჟამად კორეაში მე, როგორც კორეის სახელმწიფო დაფინანსებით ჩამოსულ სტუდენტს, შანსი მომეცა მონაწილეობა მიმეღო „2021 წლის დოკდოს მსოფლიო რეპორტიორის“ პროგრამაში. 2012 წლიდან ვესწრებოდი საქართველოში გამართულ „ულამაზესი კორეის“ ფესტივალს და ახლა კორეაში დოკდოს შესახებ ჩატარებული პროგრამის შესახებ გამიჩნდა ინტერესი. ქართველ ხალხს დოკდოს შესახებ ღონისძიების ფარგლებში სმენიათ, თუმცა ამ პრობლემის შესახებ არცთუ ისე ბევრმა იცის. კორეაში საუნივერსიტეტო პროგრამის მეშვეობით კორეისა და იაპონიის ურთიერთობის, დოკდოს საკითხის შესახებ მივიღეთ ცოდნა და პირადადაც ვესტუმრეთ დოკდოს.

ღონისძიების პირველი ნაწილი ონლაინ-შეხვედრას, მეორე დოკდოს კუნძულზე მოგზაურობას მოიცავდა. გაიმართა სტატიის წერის აქტივობა, რომელშიც მენტორებისგან მიღებული მითითებების დახმარებით ნამუშევრის წერის მეთოდებისა შესახებ ბევრი რამ შევისწავლეთ. პროგრამის ფარგლებში კორეის თვალით დანახული დოკდოს საკითხის შესახებ მოვისმინეთ ლექციები. ორგანიზატორებმა ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. პროგრამამ პანდემიის პერიოდში უცხოელ სტუდენტებს კორეის ისტორიის შესწავლის და გამოცდილების მიღების შანსი მისცა. რადგანაც საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას, დოკდოს პრობლემის მნიშვნელობის მიზეზი ნათლად დავინახე და შევძელი მისი გაზიარება.

დოკდო ისევე, როგორც კორეასა და საქართველოს, ისე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ დოკდოს პრობლემით კორეისა და იაპონიის ურთიერთობა გართულდა, მისი გადაჭრა კუნძულის გადამწყვეტი ფიგურის მეშვეობით მოხერხდება. ეს კუნძული კორეისა და მისგან შორს მდებარე საქართველოს შემაერთებელი ხიდიც აღმოჩნდა. დოკდომ კორეაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელი სტუდენტები გაგვაერთიანა. ფართო აზრით, მას შეიძლება „მსოფლიოს გამაერთიანებელი ხიდი“ ვუწოდოთ. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, მინდა, მკითხველმა გაიაზროს, თუ რას წარმოადგენს დოკდო. რომ ის მხოლოდ აღმოსავლეთის ზღვაში მდებარე კლდოვანი კუნძული კი არა, ზომით პატარა, მაგრამ მარგალიტივით ძვირფასი, „მსოფლიოს დამაკავშირებელი ხიდია“.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG