Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარდი და დემაგოგია


ავტორი: ლუკა კერესელიძე

ცნობილი გამოთქმაა, რომ საქართველო არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობსო, მაგრამ რაც მეტს ვუყურებ ჩვენს ქვეყანას მით უფრო საპირისპიროს ვხედავ: საქართველო არჩევნებით ცხოვრობს, არჩევნები არის ადამიანების გარკვეული ნაწილის მთავარი ვნება, აღტყინება, ფეტიში და ა.შ.

რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ შარდი ჩააბარა და დაგვიმტკიცა არაფერზე ვზივარ და თუ სისულელეებს ვიტყვი ამიერიდან გჯეროდეთ, რომ ნარკოტიკის კი არა გულწრფელი უტვინობის გამოო (ეს ჩემი ინტერპრეტაციით). შემდეგ მმართველი პარტია გახარიას გადასწვდა და რატომ არ აბარებს, აბა, ეშინიაო? ამით კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმას, რომ 2021 წელს ადამიანის დაშეიმინგება ნარკომომხმარებლის სტატუსით ისევ აქტუალური და მოგებიანია.

ადამიანი არაა სრულყოფილი არსება, ადამიანი დღიდან მისი გაჩენისა მიდრეკილი იყო, არის და იქნება ისეთი რამისკენ, რაც რეალობისგან გაქცევას სთავაზობს. სამყარო და რეალობა ან გარემოება ზოგჯერ გვიბიძგებს გავექცეთ აქაურობას და ვცადოთ რაიმე ისეთი, რაც დაგვავიწყებს ტკივილებს და პრობლემებს. ახლა აქ არავინ მიიჩნიოს, რომ მე ნარკოტიკს ვახალისებდე, არა! უბრალოდ, ვამბობ იმას, რომ ადამიანის ნაწილია გასინჯოს რაღაც „ისეთი“ და ამის გამო არ იმსახურებს ეს ადამიანი წამებას და დასჯას ციხეში 8-დან 20 წლამდე.

2010-იანი წლების არჩევნების წინა პერიოდები განსაკუთრებით გამოირჩეოდა სიძულვილითა და ბოღმით, გვახსოვს 2012 წელი და გამოგდებული ციხის კადრები, გვახსოვს მოღალატის ძახილი ერთი მეორის მიყოლებით და ა.შ.

2020-იანი წლების არჩევნებიც ამავე გზით მიდის: ვნახეთ, შარშან როგორ ბედნიერებმა წაახალისეს შუღლი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასადმი, მერე ამ სპეკულაციებით ჩატარებული არჩევნები როგორ იზეიმეს „ოცნების“ წევრებმა და როგორ იზეიმეს „გამარჯვება ბოროტებაზე“; როგორ დაგვაჯერეს, რომ უმრავლესობას ისინი უნდა და როგორი მოტივირებულები არიან ქვეყანა ააყვავონ. თუმცა ჩვენ მათგან კიდევ ბევრი დაპირება და ნათქვამი გვახსოვს, ჯერჯერობით ასრულების ინდექსი ისევე დაბალ ნიშნულზეა, როგორც საქართველოს ეკონომიკური წინსვლის საშუალო მაჩვენებელი.

შარდი სიმბოლოა იმ სისტემის, რაშიც ვართ, სისტემა შარდით წყვეტს რამდენად პატიოსნები ვართ, შარდს უფრო ვაფასებთ, ვიდრე ადამიანის ბოლო წაკითხულ წიგნს ან ხედვას უკეთესი მომავლისკენ.

ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, ამ დონემდე როგორ დავედით, 2021 წელია და რობოტებს პარკურს ასწავლიან ადამიანები, ზოგან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბილეთის მაგივრად აზიდვებით შეგიძლია მიიღო უფასო მგზავრობა, ზოგან კი ბავშვები თავად წყვეტენ, როდის დამთავრდეს გაკვეთილები ან როგორ დაალაგონ მერხები მათი სიამოვნებისა და კომფორტის მიხედვით... აი, საქართველოში კი ისევ შარდი. შარდი და დემაგოგია. შარდი, დემაგოგია და ფარსი.

დემაგოგიაა, როცა შუა პანდემიაში ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პირი სუფრაზე ზის და ჭიქებს უჭახუნებს ირგვლივ ხალხს და მეორე დღეს ამბობს „რა, ქეიფი დანაშაულია?“. დემაგოგიაა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს ქუთაისის „ტორპედო“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს მალეო, გუნდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ საერთოდ გაკოტრდა და გააგდეს უმაღლესი ლიგიდან. დემაგოგიაა, როცა ტყიბულელი მეშახტეები ტურისტების მოზიდვაზე ფიქრობენ დღე და ღამე. დემაგოგიაა, როცა ერთხელ ლექსო ლაშქარავაზე და მეორედ ოპოზიციაზე წამოგცდება საშინელი სიტყვები, ერთზე - „დაისაჯა“ და მეორეზე - „შევყარეთ“. დემაგოგიაა, როცა ხალხი სულს ღაფავს, ათეულობით ადამიანს კორონავირუსი კლავს, ზოგი ქუჩაშია დარჩენილი, რომ გარე ვაჭრობით მაინც რამე იშოვოს და ამ დროს ამბობ, საქართველოს ეკონომიკა ისე წინ მიდის, მე არ ვიცი, ოდესმე თუ ვინმე დაგვეწევაო (ვუტრირებ). დემაგოგიაა, როცა ყოველი არჩევნების წინ „ასრულებ“ შენს ოპონენტებს და არჩევნების შემდგომ ისევ იგივე ხდება და ყველა რწმუნდება, რომ სინამდვილეში ერთნი ხართ, მაგრამ შემოდგომის არჩევნების წინ ხალხის ემოციებზე სათამაშოდ ისევე იმავეს იმეორებ. დემაგოგიაა, როცა ამბობ, ჩვენ, 95 %, „კაი ვაჟკაცები“ გადავწყვეტთ სწორი რა არის, და პატარა ჯგუფები სულ ფეხებზე გვკიდიაო. დემაგოგიაა, როცა 9 წელია დასამახსოვრებელი ვერაფერი შექმენი და იმის წინა 9 წელზე ლაპარაკობ დღე და ღამე, გიხარია იმის ძახილი, რომ ომი შენმა ქვეყანამ დაიწყო, ოღონდაც გააშავო ისედაც საკმარისად გაშავებული მოწინააღმდეგეები და ა.შ.

მოკლედ, როგორც ჩანს არც ამ არჩევნებზე იქნება იდეათა ჯახი, დებატები ქალაქის განვითარებაზე, ხედვებზე, პრიორიტეტებზე. არ იქნება ამომრჩევლის გულის მოგება პატიოსანი გზებით, არაფერი მსგავსი. მხოლოდ შარდი და დემაგოგია.

თავად ამოირჩიეთ, რომელი უფრო გაინტერესებთ - შარდი თუ დემაგოგია?

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG