Accessibility links

site logo site logo

გაეროს ხელმძღვანელი: ავღანელები "ყველაზე სახიფათო პერიოდში" არიან


ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ თალიბანის მიერ გადადგმული ნაბიჯები მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა, იმ ფონზე, როცა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ გაეროს დონორთა მაღალი დონის კონფერენციაზე, რათა 600 მილიონი დოლარის შეგროვებას შეეცადონ ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში კარს მომდგარი ჰუმანიტარული კრიზისის შესაჩერებლად.

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე კონფერენციაზე, 40-მდე ქვეყნის მინისტრების წინაშე გამოსვლისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა 13 სექტემბერს თქვა, რომ "ავღანეთის ხალხს სასიცოცხლო არხი ესაჭიროება". მისი თქმით, "ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებული ომის, ტანჯვის და საფრთხის შემდეგ, ახლა ისინი შესაძლოა ყველაზე სახიფათო ფაზაში იყვნენ".

ავღანეთი გვალვის, ადამიანთა იძულებით გადაადგილების და ჰუმანიტარული კრიზისის პრობლემების წინაშე იდგა ჯერ კიდევ მანამ, სანამ თალიბანი აგვისტოს შუა პერიოდში ქაბულში დაამხობდა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობას. გაეროს თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული. გაეროს სააგენტოები იუწყებიან, რომ საბაზისო სერვისები ავღანეთში კოლაფსის პირასაა, და აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული დახმარება შესაძლებელს გახდიდა ჯანდაცვის სფეროს, წყლის მიწოდებისა და სანიტარული ინფრასტრუქტურის მუშაობას.

ბევრი ქვეყანა გამოთქვამს მზაობას, ავღანეთის დასახმარებლად გაიღოს ჰუმანიტარული დახმარება, მაგრამ არსებობს შეშფოთება ასობით მილიონი დოლარის გადაცემაზე თალიბანისთვის - რადგან ქვეყანას ახლა ეს ჯგუფი მართავს. ისმის მოწოდებები, რომ გამოყოფილ დახმარებას თან უნდა დაერთოს პირობების შესრულების მკაცრი ვალდებულება.

ჟენევის კონფერენციის გახსნამდე, ადამიანის უფლებების სფეროში გაეროს უმაღლესი კომისარი, მიშელ ბაჩელეტი, გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ავღანეთი "ახალ და სახიფათო ფაზაშია", რომელშიც ბევრი ქალი, ეთნიკური ჯგუფების და რელიგიური თემების წევრები ღრმად შეშფოთებულნი არიან თავიანთი უფლებების დაცვის საკითხით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG