Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდან ჩამოვარდნის შემდეგ მურატ ჯიოევის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა


მურატ ჯიოევი
მურატ ჯიოევი

13 სექტემბერს, დილით ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევის დაშავების შესახებ. ოსური მედიის ცნობით, მურატ ჯიოევი ჯავის რაიონში, საკუთარ ბაღში ხეზე იყო ასული, საიდანაც ჩამოვარდა და დაშავდა. მას ჯერ ადგილზე გაუწიეს დახმარება. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალში გაწეული პირველადი დახმარების შემდეგ მურატ ჯიოევი, სპეციალური სასწრაფო დახმარების მანქანით ბესლანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მურატ ჯიოევი ბესლანში გადავიყვანეთ სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების მანქანით. დიაგნოზთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია არის სამედიცინო საიდუმლო და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ პაციენტის პირადი სურვილით", - აცხადებენ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, რომელიც დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან არის დაახლოებული, გვიყვება, რომ მურატ ჯიოევის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სიმაღლიდან ვარდნის შემდეგ მას მრავლობითი მოტეხილობა აქვს და დაზიანებული აქვს ხერხემალი, ამიტომ მის მკურნალობას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს.

მურატ ჯიოევი დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ჟენევის დისკუსიის ფორმატში ოსური მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელია.

7 სექტემბერს ჯიოევმა გამართა ვიდეოკონფერენცია ჟენევის მომდევნო დისკუსიის დღის წესრიგთან დაკავშირებით. ის ესაუბრა ეუთოს თანათავმჯდომარეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ანიკა სოდერს და კიდევ ერთხელ მოითხოვა საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერა.

ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის გამართვა 12-13 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ჯიოევის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა ამ რაუნდმა მის გარეშე ჩაიაროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG