Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ აფხაზეთში აღშფოთება მოჰყვა პოლიციაში 24 წლის ანრი ატეიბას თვითმკვლელობამდე მიყვანას


ოკუპირებულ აფხაზეთში სოციალური ქსელების მომხმარებლები აღაშფოთა 24 წლის გაგრელი ანრი ატეიბას სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ. თავდაპირველი ვერსიით, ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა გაგრის პოლიციის განყოფილებაში ცემის შედეგად მიღებული ტრამვების გამო. მოგვიანებით ატეიბას დედამ ერთ-ერთ ტელეგრამ-არხს უთხრა, რომ მისი შვილი წინასწარი დაკავების საკანში ყოფნისას თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

„მე ყველანაირი მტკიცებულება მაქვს, მაგრამ ახლა ამისთვის არ მცალია“, - უთხრა ატეიბას დედამ გამოცემას.

სოციალური ქსელებში გამოთქმული აღშფოთების შემდეგ, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურორმა ბადრა აიბამ განაცხადა, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ანრი ატეიბამ, 2021 წლის 5 ივლისს, გაგრაში უარი უთხრა პოლიციის თანამშრომლებს სამედიცინო შემოწმებაზე და სხვა პირებთან ერთად წინააღმდეგობა გაუწია. აიბას თანახმად, ამ ინციდენტის შემდეგ სამართალდამცავებმა ატეიბა დააკავეს და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიშ ძალადობას გულისხმობს.

8 აგვისტოს, ატეიბას ადვოკატმა, იგორ სკნარინმა გაგრის პროკურატურას აცნობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემია და ითხოვდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნას, რადგან მიიჩნევდა, რომ დაზიანებები მილიციის თანამშრომლებმა მიაყენეს. 12 აგვისტოს, გაგრის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა ანრი ატეიბამ ზეწრით თვითმკვლელობა სცადა. „ეხო კავკაზას“ ცნობით, ატეიბა სასწრაფოდ გადაიყვანეს გაგრის საავადმყოფოში.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ანრი ატეიბა მოგვიანებით გარდაიცვალა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სადაც ნათესავებმა გადარჩენის მიზნით გადაიყვანეს. აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურამ ატეიბას თვითმკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG