Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძის განცხადება მოძრაობა „სირცხვილიასთან” დაკავშირებით ტყუილია - აცხადებენ მოძრაობაში


მოძრაობა „სირხვილია“ „ქართული ოცნების“ თავჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციაში ბრალდებებზე სერიოზულად პასუხის გაცემას "სასაცილოდ" თვლიან.

ვითვალისწინებთ რა, ირაკლი კობახიძის წინა 100 განცხადებას, ვფიქრობთ, რომ მის ბრალდებებზე სერიოზულად პასუხი სასაცილოა. თუმცა ამავდროულად ვითვალისწინებთ მის პოლიტიკურ თანამდებობას და თავს ვალდებულად მივიჩნევთ მას პასუხი გავცეთ.

ირაკლი კობახიძის განცხადება მოძრაობა “სირცხვილიასთან” დაკავშირებით ტყუილია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია “სირცხვილიას” არც ერთ წევრს, არც ერთ საკომუნიკაციო არხსა თუ რეალურ სივრცეში არასდროს განუხორციელებია, რადგან მათგან განსხვავებით, კარგად ვიცით ადამიანის სიცოცხლის ფასი“, - ნათქვამია „სირცხვილიას“ განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ მიმართავენ ჩვეულ პროპაგანდისტულ ხერხებს და ცდილობენ, საზოგადოებას საკუთარი ტყუილი სიმართლედ შეასაღონ.

თუ აქამდე მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიებისთვის ფეისბუქზე ყალბ ანგარიშებსა და სამთავრობო მედიებს იყენებდნენ, ახლა თავად ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოგვევლინა ტროლის როლში (სიზუსტისთვის უნდა ვთქვათ, რომ ეს შემთხვევა პირველი არ არის, თუმცა ამჯერად ბრალდებები კიდევ უფრო მძიმეა).

“ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის ჩვენი მოძრაობა, ჩამოყალიბების დღიდან, გადაულახავი წინააღმდეგობაა, რაც ძალიან გვახარებს.

მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოძრაობა “სირცხვილია” იქნება ერთ-ერთი ძირითადი აქტორი, რომელიც “სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” პროექტის ფარგლებში არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და შედეგებით მანიპულაციაზე დროულ და გამჭვირვალე, დოკუმენტირებულად დადასტურებულ ინფორმაციას გაავრცელებს. ეს კარგად იცის ქართულმა ოცნებამ და მათი პროპაგანდისტული მანქანა უკვე მთელი ძალისხმევითაა მიმართული ჩვენი მოძრაობის წინააღმდეგ. ამიტომ ყურადღებით ადევნეთ თვალი, პოლიტიკურ პროცესებსა და ჩვენი მოძრაობის აქტივობებს“, - ნათქვამია „სირცხვილიას“ კობახიძისადმი საპასუხო განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიისთვის გაკეთებულ მორიგ განცხადებაში თქვა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში ბოლო დროს აქტიურად წარიმართება საუბრები მძიმე პროვოკაციაზე.

"საჭიროა მსხვერპლი", "გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში", - ეს არის ფრაზები "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის "სირცხვილიას" წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა „ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“.

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ამ იდეის დატესტვა ჩატში „სირცხვილიას“ ერთ-ერთ წარმომადგენელს სთხოვეს.

„დატესტვა წარუმატებელი აღმოჩნდა“, - ასე უპასუხა „სირცხვილიამ“ კობახიძის განცხადებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG