Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკლესიის ზარები სოფელ წყალთბილაში - როგორ იგებენ აქაურები ამბებს კოვიდზე 


"გარეთ არავინ გამოდის, იმალებიან… "ბირჟა“ სავსე იყო ყოველთვის, ახლა კი ხედავთ, სამი კაცია. მიცვალებულსაც კი შორიდან მივაგეთ პატივი“
"გარეთ არავინ გამოდის, იმალებიან… "ბირჟა“ სავსე იყო ყოველთვის, ახლა კი ხედავთ, სამი კაცია. მიცვალებულსაც კი შორიდან მივაგეთ პატივი“

პანდემიის გამო ოთხ კედელში გამოკეტილი სოფელ წყალთბილის მკვიდრები ამბებს ძირითადად ეკლესიის ზარით იგებენ.

ერთი ზარი ლოცვის დაწყებას ნიშნავს, სამი - დაინფიცირებულ ადამიანს. ხოლო, როდესაც წყალთბილაში ეკლესიის ზარი ცხრაჯერ ჩამოჰკრავს, სოფელმა იცის, რომ ვიღაც გარდაიცვალა. ,,გლოვის ზარი ბოლო დროს გახშირდა“, - წუხს 90 წლის ადგილობრივი მკვიდრი აზგენ მოსიგიანი.

წყალთბილა სომხური თემით დასახლებული სოფელია ახალციხიდან 15 კმ-ში, და ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. წყალთბილა, აბათხევი, ნაოხრები, წინუბანი და ჯულღა მეზობელი სოფლებია. აქაურებს კოვიდის არსებობის “ბოლომდე არ სჯერათ”და ვაქცინაციაზე დიდად არ ფიქრობენ, მათ ბევრად უფრო მეტად ის აწუხებთ, რომ 5 სოფელს ერთი საავადმყოფო არ აქვს.

გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა მიუხედავად, აქაურების უმეტესობა მაინც ფიქრობს, რომ COVID-19 არ არსებობს, და ვისაც კოვიდის არსებობის სჯერა, არ “ეშინია” მისი.
გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა მიუხედავად, აქაურების უმეტესობა მაინც ფიქრობს, რომ COVID-19 არ არსებობს, და ვისაც კოვიდის არსებობის სჯერა, არ “ეშინია” მისი.

"ხნიერი ხალხი ვართ, შუაღამეს ავად რომ გახდეს ვინმე, სად უნდა წავიდეს? რუსეთის ნებისმიერ ტერიტორიაზე ხუთოჯახიან სოფელსაც კი საავადმყოფო აქვს, ჩვენთან კიდევ ხუთ სოფელს არ გვაქვს. მარტო ისინი იცრებიან, ვინც რუსეთში ან ერევანში მიდი-მოდის, ჩვენ კიდევ სოფლიდან არსად გავდივართ“, - ამბობს ოგანეს ადამიანი.

წყალთბილელების მოთხოვნას საავადმყოფოს აშენების შესახებ ახალციხის მერიაში პასუხობენ, რომ სოფელს ამბულატორია აქვს და მოსახლეობამ მას უნდა მიმართოს.

აღუნ ნაჰაპეტიანმა COVID-19 მსუბუქად გასული წლის სექტემბერში გადაიტანა, ის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებამდე "სპუტნიკ ლაითით“ აიცრა.

სოფელი წყალთბილა
სოფელი წყალთბილა

"მე ავიცერი, რადგან ახალგაზრდა ვარ, ესენი [მშობლები] მოხუცები არიან, მათ შორის თანმხლები დაავადებებით. რომ ვერ გაუძლონ?! თან გაიგეს, რომ აცრის შედეგად რამდენიმე გარდაიცვალა. ეშინიათ და რა გასაკვირია, რომ არ უნდოდეთ აცრა?“ - ეუბნება აღუნ ნაჰაპეტიანი რადიო თავისუფლებას.

როცა თავისუფლება ცდილობს დააზუსტოს საიდან აქვთ სოფელში ცნობები იმის შესახებ, რომ აცრით რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, პირველი ვისაც აქაურები იხსენებენ მეგი ბაქრაძეა. ახალციხელი მედდა, რომელიც ვაქცინაციის დაწყებიდან მესამე დღეს, 2021 წლის 18 მარტს აცრის გაკეთების შემდეგ დაიღუპა. “აცრით გარდაცვალების სხვა შემთხვევები” წყალთბილელებს ინტერნეტში თუ წაუკითხავთ.

სოფელი წყალთბილა
სოფელი წყალთბილა

2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელში 883 ადამიანი ცხოვრობს. ეს ის სოფელია, სადაც კორონავირუსით გასულ წელს ორ დღეღამეში მამა-შვილი გარდაიცვალა. მათ გარდა, შარშან COVID-19-ს კიდევ სამი ადამიანი ემსხვერპლა. კოვიდით ერთი ადამიანი სოფელში წელსაც დაიღუპა.

გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა მიუხედავად, აქაურების უმეტესობა მაინც ფიქრობს, რომ COVID-19 არ არსებობს, და ვისაც კოვიდის არსებობის სჯერა, არ “ეშინია” მისი.

"რატომ უნდა გავიკეთო ვაქცინა, როცა სრულიად ჯანმრთელი ვარ, 6 სული მყავს ოჯახში და არც ისინი აიცრებიან. რატომ უნდა აიცრან, ავადმყოფები არ არიან!“ - ამბობს მარტინ დარბინიანი.

79 წლის ოგანეს ადამიანი დარწმუნებულია, რომ "კაჟივით ძლიერს“ კორონავირუსი ვერაფერს დააკლებს, ვერც მისი ოჯახის წევრებს მოერევა.

საშემოდგომო სამუშაოების მიუხედავად, წყალთბილის 400-მდე ოჯახი კორონავირუსმა სახლში გამოკეტა. მოხუცები ამბობენ, რომ სოფელში შიშმა დაისადგურა.
საშემოდგომო სამუშაოების მიუხედავად, წყალთბილის 400-მდე ოჯახი კორონავირუსმა სახლში გამოკეტა. მოხუცები ამბობენ, რომ სოფელში შიშმა დაისადგურა.

"კოვიდი გადავიტანე, მაგრამ ხარივით ჯანმრთელი ვარ“, "სოფლიდან არსად გავდივარ, აცრა რად მინდა“, "იცრებიან მარტო ისინი, ვინც რუსეთში და ერევანში დადის“, - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ფრაზების, რასაც სოფელში მოისმენთ.

ვისაც სჯერა და ეშინია, სახლებში ჩაიკეტნენ - აცრას ეს ურჩევნიათ.

"გარეთ არავინ გამოდის, იმალებიან… "ბირჟა“ სავსე იყო ყოველთვის, ახლა კი ხედავთ, სამი კაცია. მიცვალებულსაც კი შორიდან მივაგეთ პატივი“.

"ერთმანეთის გვეშინია, რომ არ გადაგვედოს, ერთმანეთს გავურბივართ და ვემალებით... ისეთი სიცარიელეა ირგვლივ, თითქოს სოფელში არავინ იყოს. ვეღარ გავძელი სახლში და გამოვედი, ადამიანის ხმა რომ გამეგო“, - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას სოფლის ბირჟაზე.

როგორ იგებენ ამბებს კოვიდზე სოფელ წყალთბილაში
please wait

No media source currently available

0:00 0:05:06 0:00

საშემოდგომო სამუშაოების მიუხედავად, წყალთბილის 400-მდე ოჯახი კორონავირუსმა სახლში გამოკეტა. მოხუცები ამბობენ, რომ სოფელში შიშმა დაისადგურა.

83 წლის ოგანეს ბაბაჯანიანი ორ მოხუცებულთან ერთად თანასოფლელის დაკრძალვას იხსენებს. წუხს, რომ თანასოფლელის დაკრძალვას მთელი სოფლის ნაცვლად 15-მდე ადამიანი დაესწრო, ასეთი რამ მანამდე არ მომხდარა. "უცებ გახდა ცუდად, სიცხეები მისცა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მეუღლეც ცუდად ჰყავს. გუშინწინ დამარხეს, კორონავირუსით გარდაიცვალა. პირველად შეგვეშინდა”.

სოფელი წყალთბილა
სოფელი წყალთბილა

პეტროს ქოსიანს კორონავირუსი ახალი წლის წინა დღეებში შეხვდა. მძიმედ გადაიტანა. თვე-ნახევრის განმავლობაში ფეხზე დგომა და ჭამა უჭირდა. თავს სუსტად კიდევ დიდხანს გრძნობდა. საავადმყოფოსთვის არ მიუმართავს, სახლში იმკურნალა. ამბობს, რომ გადატანილი ინფექციის შემდეგ "ხარივით ჯანმრთელია“ და აცრას მაინც არ აპირებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში აიცრება, თუ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. პეტროსის მსგავსად, წყალთბილაში ამ დრომდე არავინ აცრილა, მხოლოდ ისინი, ვინც რუსეთში წავიდა.

არც 83 წლის ანო ნაზგანოვი ჩქარობს. კითხვაზე რატომ არ იცრება, კითხვითვე გვპასუხობს - "რა საჭიროა ვაქცინაცია? არ ვიცი, მინდა?! თუ კარგია გავიკეთებ, თუ ყველა აიცრება მეც ავიცრები“. საუბარში მეზობელი ერთვება, რომელიც ამბობს, რომ აცრა კლავს და ანოც მაშინვე იცვლის აზრს.

ლიდა პოღოსიანი
ლიდა პოღოსიანი

ის, რომ სოფელში სიტუაცია სულ უფრო მძიმდება, კარგად იცის 68 წლის ექთანმა ლიდა პოღოსიანმა. ის ვარაუდობს, რომ ბოლო ერთი თვეა, კორონავირუსით დაავადებულ თანასოფლელთა რიცხვი ოცსა და სამოცს შორის მერყეობს და მიუხედავად იმისა, რომ თავად ექთანია არც ის აცრილა. "არავინ მოდის, რომ წესიერად აგიხსნას და გაგარკვიოს. აგერ მე, ექთანი ვარ... ისიც კი არ ვიცი, აცრის შემთხვევაში, როდის რა წამალი იქნება უკეთესი“.

სოფელში შექმნილი ვითარება არ უკვირთ ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. “დემოკრატ მესხთა კავშირში” ფიქრობენ, რომ ენობრივი ბარიერი ყველაზე დიდი პრობლემაა. ქალაქად და სოფლად, განსაკუთრებით კი უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირების დონე ისე განსხვავდება როგორც ცა და დედამიწა.

"სოფლის მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა არ იცის სახელმწიფო ენა, ინფორმაციას იღებენ არასანდო წყაროებიდან, გარდა ამისა, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ თემს გარკვეული ბმა აქვს რუსეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან. იქ მყოფი ადამიანები ფიქრობენ, რომ რუსული ვაქცინაა საუკეთესო და აცრის შემთხვევაში, მხოლოდ რუსული წარმოების ვაქცინა უნდა გაიკეთონ. მათი აზრი კი საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრებისთვის ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია“, – ამბობს გიორგი ანდღულაძე, ორგანიზაციის დირექტორი.

სოფელი წყალთბილა
სოფელი წყალთბილა

აგვისტოში, 13-მა მედია და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, "დემოკრატ მესხთა კავშირის“ ინიციატივით, რამდენიმე სახელმწიფო უწყებას ვაქცინაციის რეგისტრაციის საიტზე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური თემებისთვის სომხური და აზერბაიჯანული ენების დამატება სთხოვა, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროდან უარი მიიღო: "ამ ეტაპზე ტექნიკური თვალსაზრისით მეტის გაკეთება არ შეგვიძლიაო“. სამინისტრომ ორგანიზაციებს ურჩია, რომ რეგისტრაციაში დახმარება თემის წევრებს ოჯახის ექიმებისთვის ეთხოვათ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 42%-ს, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ამავე კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომ დაგჭირდეთ იცით თუ არა, როგორ დარეგისტრირდეთ აცრაზე, 56 % ამბობს, რომ არ იცის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG