Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბილბორდები, ფეისბუკი, მარშალპრესი, ალია - ქართული ოცნების სარეკლამო სივრცე 


9 სექტემბერს “ქართულმა ოპოზიციამ” კვლავ დაადანაშაულა ოპოზიცია დესტრუქციაში და ამის მაგალითად კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ოპოზიცია არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას. ამ ფონზე, ოპოზიციის საარჩევნო კამპანიასთან შედარებით, მმართველი პარტიის სარეკლამო ხარჯები მასშტაბურია. ეს კარგად ჩანს წინასაარჩევნო დეკლარაციებში, რომელიც 2-22 აგვისტოს პერიოდს მოიცავს და აუდიტის სამსახურს წარუდგინეს პარტიებმა.

საჯაროდ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, “ქართული ოცნების” საკასო (ხელშეკრულებებით გათვალისწინებული) ხარჯი 3,2 მლნ ლარს აღემატება, საიდანაც 2,8 მილიონი ლარი რეკლამაში დახარჯეს. მმართველ პარტიას ისევე, როგორც ოპოზიციას სატელევიზიო რეკლამაში ფული ამ პერიოდში დახარჯული არ აქვთ.

მმართველი პარტიის მასშტაბურ საარჩევნო კამპანიაზე მიუთითებს დადებული სარეკლამო ხელშეკრულებები. “ქართულმა ოცნებამ” 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბილბორდები მთელი ქვეყნის მასშტაბით გააკრა. ამისთვის 922 ხელშეკრულებაა დადებული, რომლის ღირებულებას 2,3 მილიონ ლარს უახლოვდება.

გაცილებით ნაკლებს, თუმცა სოლიდურ თანხას ხარჯავს (311 ათასი) მმართველი გუნდი ინტერნეტში რეკლამაზე. ყველაზე დიდი თანხა - 63 851 ლარი Facebook-სთვის არის გათვალისწინებული, დანარჩენი კი სხვადასხვა მედიასაშუალებებზე ნაწილდება. ამ ჩამონათვალში მოხდა სიძულვილის და ჰომოფობიის წამახალისებელი მედიები: alia.ge; ongo.ge, მარშალპრესი და სხვა. გარდა ამისა, არიან: ნეტგაზეთი, ინტერპრესნიუსი, სამხრეთის კარიბჭე, IPress.ge, Pia.ge და სხვები.

35 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა სარეკლამო კლიპში, თითქმის 174 ათასი კი შპს გლობალ ედვერთაიზინგის მომსახურებაში, რომელიც დაკონკრეტებული არ არის.

გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” საკასო ხარჯი 239 ათას ლარზე მეტია, აქედან თითქმის 80 ათასი ლარი რეკლამაზე მოდის. აქედან ყველაზე მეტი 62 ათას ლარზე მეტის ღირებულების ხელშეკრულება შპს თიბი გრუპისთან დაიდო. მომსახურება დაკონკრეტებული არ არის.

პარტიამ 2,7 ათასი ლარი დახარჯა Facebook-ზე რეკლამის განთავსებაში, 14 ათას ლარზე მეტი გარე რეკლამაში, 976 ლარი კი ვიდეოების გადაღებასა და დამონტაჟებაში.

"ლელოს" საკასო ხარჯი 88 ათას ლარს აღემატება, თუმცა აქედან რეკლამაზე მხოლოდ 4,3 ათასი ლარი მოდის. ამ თანხიდან 950 ლარი Facebook-ზე რეკლამის განთავსებაში დაიხარჯა.

206,3 ათას ლარს აღემატება "ნაციონალური მოძრაობის" საკასო ხარჯები, საიდანაც 38 ათასი ლარი რეკლამაზეა დახარჯული. კერძოდ, 25,5 ათასი ლარი Facebook-ზე, 12,6 ათას ლარამდე კი შპს ივენთერ ქონსთრაქშენთან ხელშეკრულების ღირებულებაა, რომლის მომსახურებაც დაკონკრეტებული არ არის.

მმართველ პარტიასთან შედარებით მოკრძალებულია “ევროპული საქართველოს” საკასო ხარჯებიც. პარტიას სამ კვირაში 102,5 ათას ლარამდე ხარჯი ჰქონდა, საიდანაც 51,5 ათასი რეკლამაზე მოდის. აქედან 31 ათას ლარზე მეტი Facebook-ზე დაიხარჯა, დარჩენილი თანხის დიდი ნაწილი კი კომპანია “დიჯითალ ედსის” ხელშეკრულების ღირებულებაა, რომელიც დაკონკრეტებული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG