Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: როგორ ვემზადებით 3 ოქტომბრისთვის, როდესაც ვამბობთ, რომ 2 ოქტომბერია მთავარი


ნიკა მელია, ოპოზიციის ერთი ნაწილის კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე
ნიკა მელია, ოპოზიციის ერთი ნაწილის კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე

ოპოზიციის ერთი ნაწილის გაერთიანებულმა კანდიდატმა თბილისის მერის პოსტზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განაცხადა, რომ ოპოზიცია სწორედ 2 ოქტომბრისთვის ემზადება და არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის. მისი თქმით, თუ არჩევნები გაყალბდება, ეს ყველამ უნდა დააფიქსიროს. მისივე თქმით, ოპოზიციის რიგებში საარჩევნო ხმების დაცვისთვის კოორდინაცია არსებობს:

„ნერვიულობენ და ამბობენ, რომ ოპოზიცია ემზადება 3 ოქტომბრისთვის. როგორ ვემზადებით 3 ოქტომბრისთვის, როდესაც ვამბობთ, რომ 2 ოქტომბერი არის მთავარი. და 2 ოქტომბერს შენ თუ იძალადე და შენ თუ მომპარე არჩევანი, რასაც ვერ გააკეთებს იმიტომ, რომ ქვეყანაში შეუძლებელია უბრალოდ გაყალბების გზით ამოქაჩო ის დიდი სხვაობა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის, რაც ელექტორალური მხარდაჭერის თვალსაზრისით არსებობს. ამდენად არ ყალბდება და თუ გაყალბდება, ყველამ უნდა დავაფიქსიროთ გაყალბების ფაქტები“, - განაცხადა ნიკა მელიამ. მან გადაცემაში თქვა, რომ „ქართული ოცნების“ სტანდარტების გათვალისწინებითაც კი უხერხულად ჟღერს ბრალდება იმის შესახებ, რომ ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას არ აწარმოებს და მძიმე პროვოკაციებისთვის ემზადება:

„ალბათ გულისხმობენ, რომ ბილბორდებში 10 მილიონს არ ვხარჯავთ მხოლოდ თბილისში. მარტო ბატონი კალაძე თავის ბილბორდებში თბილისში 10 მილიონს ხარჯავს. არ ვიცი მეტროში და ასე შემდეგ კიდევ დამატებითი ხარჯია ალბათ. მთელ საქართველოში 30 მილიონ ლარს ხარჯავენ ბილბორდებში, როცა ჟანგბადის მარაგები არა აქვთ...რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, თავს არ ვთვლი მხარედ. როდესაც ახალა ადამიანი გამოვა და სერიოზული სახით დაყენებული პოზიცით მელაპარაკება, რომ თითქოს ჩვენ მივდივართ შოთა დიღმელაშვილთან, „სირცხვილიაში“ მივდივართ ზუკა ბერძენიშვლითან, სალომე ბარკერთან და ვთხოვთ კილერის დაქირავებას, უბრალოდ არაფერში აღარ ჯდება", - განაცხადა ნიკა მელიამ რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, დედაქალაქის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძოლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG