Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში კიდევ ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი დააკავეს „კუმტორის“ ოქროს საბადოს საქმეზე


ჯომარტ ოტარბაევი
ჯომარტ ოტარბაევი

ყირგიზეთში კიდევ ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯომარტ ოტორბაევი, დააკავეს ოქროს საბადო „კუმტორთან“ დაკავშირებული სახელმწიფო კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

ყირგიზეთის უსაფრთხოების ეროვნული კომიტეტის (UKMK) 16 სექტემბრის ცნობაში ნათქვამია, რომ ოტორბაევი საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. სასამართლომ 48 საათის განმავლობაში უნდა გადაწყვიტო გადაიყვანენ თუ არა მას წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ჯომარტ ოტორბაევი 2014-2015 წლებში მუშაობდა ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მის გარდა სამართალდამცველებმა პასუხისგებაში მისცეს ქვეყნის რამდენიმე ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე.

„კუმტორის“ საქმეზე გამოძიებას დაკავებული ჰყავს რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის, ყირგიზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტემირ სარიევი. გამოძიების თანახმად, სარიევმა, როდესაც ქვეყნის ეკონომიკის მინისტრად მუშაობდა და სათავეში ედგა „კუმტორის“ საბადოს სახელმწიფო კომისიას, რამდენიმე მილიარდი სომით შეამცირა საბადოს მიერ ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანი, რითაც ქვეყანას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

„კუმტორის“ ოქროს საბადოს პროექტში სავარაუდო კორუფციის დანაშაულის საქმეზე მიმდინარე მასშტაბური გამოძიების ფარგლებში, აგვისტოს დასაწყისში ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში დაკითხეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, სოორონბაი ჟეენბეკოვი და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, ასკარ აკაევი, რომელიც 2005 წლის „ტიტების რევოლუციის“ შემდეგ რუსეთში ცხოვრობს და 16-წლიანი განშორების შემდეგ, 3 აგვისტოს ჩვენების მისაცემად პირველად ჩავიდა სამშობლოში.

XS
SM
MD
LG