Accessibility links

site logo site logo

ევროპარლამენტი: ევროკავშირი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ არ სცნოს რუსეთის დუმის არჩევნები


ევროპარლამენტმა ოთხშაბათს მხარი დაუჭირა რუსეთთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ევროსაბჭოსთვის განკუთვნილ რეკომენდაციას, რომელიც შეიცავს მკაცრ რიტორიკას რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. დოკუმენტი მოუწოდებს ევროსაბჭოს და ევროკომისიას, რომ მზად იყვნენ, უარი თქვან რუსეთის დუმის არჩევნების შედეგების ცნობაზე და გაამკაცრონ უკვე არსებული სანქციები.

ევროპარლამენტის რეკომენდაციას, რომელიც არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურებისთვის, მხარი დაუჭირა 494-მა ევროპარლამენტარმა, 103 წინააღმდეგი იყო, ხოლო 72-მა თავი შეიკავა.

ამ დოკუმენტზე კენჭისყრის შედეგები 16 სექტემბერს გახდა ცნობილი. ევროპარლამენტის რეკომენდაციაში ჩამოთვლილია რუსეთის მიერ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ნორმების არაერთი დარღვევის ფაქტი. მათ შორის ყირიმის ანექსია, რუსეთის პროპაგანდა და დეზინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნებში, კანონმდებლობა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, ალექსეი ნავალნის მოწამვლა და დაპატიმრება, არჩევნების წინ პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები და სხვა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები ამ კვირის ბოლოს, 17-19 სექტემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას ღებულობს 14 პარტია, უფრო მეტი პარტიული წარმომადგენელი იბრძოლებს ადგილობრივ არჩევნებში, რომლებიც ერთიანად ტარდება.


ამავდროულად რუსეთის ხელისუფლებამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა ალექსეი ნავალნის ათობით მომხრესა და კრემლისადმი ოპოზიციურად განწყობილ არაერთ სხვა დამოუკიდებელ კანდიდატს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG