Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი კალიფორნიაში სასამართლოს წარედგინა


ნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სასამართლოში სარჩელი გუშინ, 16 სექტემბერს შეიტანა. ინფორმაციას იურიდიული ფირმა BLB ავრცელებს, რომელიც ამერიკელ კოლეგებთან ერთად იცავს ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს.

„სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ "ლაზიერის გამბიტის" (The Queen’s Gambit) კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ.

სერიალში ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მცდარი ცნობების გაჟღერებამ უპრეცედენტო რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით, როგორც სხვადასხვა ჟურნალისტურ წყაროებში, ასევე საზოგადოებრივ და მათ შორის საჭადრაკო წრეებში", - ვკითხულობთ BLB-ის პრესრელიზი.

სერიალში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მაშინ როდესაც ჭადრაკის ლეგენდა 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებზე.

სარჩელში წერია, რომ 1968 წლისთვის, რომელიც აღწერილია "ლაზიერის გამბიტის" ეპიზოდში, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები სულ მცირე 59 კაც მოჭადრაკესთან, და მათ შორის 10 დიდოსტატთან. "Netflix-მა თავხედურად და განზრახ იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ, იაფასიანი და ცინიკური მიზნით, რათა ხაზი გაესვა დრამისთვის, რომ თითქოს გამოგონილმა გმირმა მიაღწია იმას, რაც არცერთ ქალს მიუღწევია იქამდე, გაფრინდაშვილის ჩათვლით".

სარჩელში მოყვანილია რამდენიმე პუბლიკაცია და ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტები, სადაც ფილმის გამოსვლისთანავე მიუთითეს შეცდომაზე; მათ შორის, მოჭადრაკის, ჟურნალისტისა და ჭადრაკის ისტორიკოსის, ოლიმპიუ ურკანის ტვიტიც, სადაცე ეწერა, რომ მაშინ, როდესაც გაფრინდაშვილის მსგავსი პერსონაჟი ფილმში აღტაცებით შეჰყურებს გამოგონილ გმირს, რეალურ ცხოვრებაში გაფრინდაშვილმა მრავალი შთააგონა 1960 -იანი წლების მამაკაცთა ტურნირებზე თამაშით.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ დამატებითი შეურაცხყოფაა Netflix-ის მიერ გაფრინდაშვილის, როგორც რუსი მოჭადრაკის წარმოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, რომ ის არის საქართველოდან, ქვეყნიდან რომელიც დღემდე იბრძვის, რომ გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას და დამორჩილების მცდელობას.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები სარჩელით ლეგენდარული მოჭადრაკისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სულ მცირე 5 მილიონ დოლარს ითხოვენ.

ნონა გაფრინდაშვილი არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები;

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული - 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები;

პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი - 1983 წელი;

ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდო „ოქროს პაიკის" მფლობელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლები;

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG