Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპაროვი: „საბჭოთა ჭადრაკში დომინანტურ როლს ქართველი მოჭადრაკე ქალები ასრულებდნენ“


ფილმ „ლაზიერის გამბიტის“ კონსულტანტი მოჭადრაკე გარი კასპაროვი იყო. უფრო უპრიანი იქნებოდა სერიალი „კარპოვი-კასპაროვის“ დაპირისპირებაზე გადაეღოთ, მაგრამ გადაიღეს გენიალურ ამერიკელ გოგონაზე, რომლის პროტოტიპი ბობი ფიშერია.

ელენა რიკოვცევა: ფილმში ისეთი არაფერია, რაც კომუნიზმსა და კაპიტალიზს შორის დაპირისპირებაზე მიანიშნებდა. ეს თქვენი დამსახურებაა?

გარი კასპაროვი: ეს წიგნშია ასე. პირიქით, ჩემი იდეა იყო ფილმში უშიშროების სამსახურის თანამშრომლები გამოჩენილიყვნენ. ავუხსენი სკოტ ფრენკს [ფილმის პროდიუსერი], რომ შვიდი მსოფლიო ჩემპიონი საზღვარგარეთ „გამცილებლების“ გარეშე ვერ წავიდოდა.

ე.რ.: ბენი, ამერიკის ჩემპიონი ფილმში, მთავარ გმირს უმხელს, თუ რაშია საბჭოთა მოჭადრაკეების თავბრუდამხვევი წარმატების საიდუმლო - ისინი გუნდურად მოქმედებენ, ანუ ცალ-ცალკე თამაშობენ, მაგრამ შემდეგ იკრიბებიან და ერთად განიხილავენ პარტიას. „ჩვენ კი ინდივიდუალისტები ვართ, ამიტომაც ვაგებთ“, - ამბობს ბენი. ეს ყველაფერი საიდან?

გ.კ.: ეს, მართლაც, იყო წიგნში. მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ავუხსნათ რაშია საქმე, რადგან ახლა პარტიის გადადება აღარ ხდება. თვით იდეა, რომ პარტია შეიძლება გადაიდოს, გაანალიზდეს, კომპიუტერების ეპოქაში უცხოდ ჟღერს. მაგრამ მაშინ, როცა კარპოვთან ვთამაშობდი, თითქმის ყველა მატჩი გადადებული იყო.

ე.რ.: საბჭოთა სკოლა, მართლაც, უფრო მაღლა იდგა სხვა საჭადრაკო სკოლებზე?

გ.კ.: საბჭოთა მოჭადრაკეების, მართლაც, პანიკურად ეშინოდათ. ფიშერი პირველი იყო, ვინც მათი დამარცხება დაიწყო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება საბჭოთა სკოლას, ბოტვინიკით უნდა დავიწყოთ, 1925 წლის პირველი საჭადრაკო ციებ-ცხელებით, როდესაც მოსკოვში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ბოტვინიკი პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა საბჭოთა კავშირიდან.

ამასთან, იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც ჭადრაკის სათამაშოდ არჩევდნენ, სსრკ-ში გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამერიკაში. მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობდა ტალანტების აღმოსაჩენად.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. რუსეთი, რა თქმა უნდა, ისევ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ჭადრაკის სფეროში, მაგრამ ამერიკის ნაკრები, - როგორც მამაკაცების, ასევე ახალგაზრდული, - რბილად რომ ვთქვათ, არ ჩამოუვარდება. ჩინური გუნდიც ძალიან ძლიერია - როგორც მამაკაცების, ასევე ქალების. ანუ ჭადრაკი მართლაც საერთაშორისო სპორტის სახედ იქცა, საბჭოთა დომინაცია აღარ არსებობს. თავის დროზე სპასკიმ ფიშერის ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ აღნიშნა, ახლა საბჭოთა სკოლის ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელი ფიშერიაო.

ე.რ.: ფიშერსაც ხომ რუსული ფესვები აქვს?!

გ.კ.: ფიშერი, უდავოდ, ებრაელია. რუსული ფესვები არ აქვს.

ე.რ.: დედა ხომ სსრკ-დან იყო!

გ.კ.: არა, ის, სხვათა შორის, კომუნისტი იყო. თუ საბჭოთა მოჭადრაკეებზე ვისაუბრებთ, ქართველებს შეიძლება ეწყინოთ, რადგან საბჭოთა ჭადრაკში დომინანტურ როლს სწორედ ქართველები ასრულებდნენ. ამასთან, არ დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე ძლიერი მოჭადრაკე ქალები დები პოლგარები არიან. მათ მიღწევებთან ახლოც ვერავინ მივა. იუდიტ პოლგარი, სამი დიდან უმცროსი, დიდი ხნის განმავლობაში ათ საუკეთესო მოთამაშეს შორის სახელდებოდა. ეს სრულიად ფენომენალური შედეგია. ასე რომ, რამე გენეტიკური ჯაჭვის ძიება და იმაზე საუბარი, რომ ვიღაცები უკეთ თამაშობენ, ვიღაცები კი - არა, სრული უაზრობაა.

ე.რ.: დიახ, მაგრამ რატომღაც მხოლოდ სსრკ-ის დაშლის შემდეგ ხდება ასე: კინოც უარესია, წიგნებსაც ისეთს ვეღარ წერენ, ჭადრაკიც სხვების გახდა...

გ.კ.: ფიშერი ტრაბახობდა, რომ ნებისმიერი ქალისთვის შეეძლო მოეგო. ეს, უბრალოდ, სიტყვები იყო, მაგრამ მაინც აჩვენებს, თუ როგორ უყურებდნენ მოჭადრაკე ქალებს მამაკაცები. დამოკიდებულება თანდათან შეიცვალა მას შემდეგ, რაც ნონა გაფრინდაშვილი გამოჩნდა, შემდეგ - მაია ჩიბურდანიძე. მაია ბევრს თამაშობდა. ვერ ვიტყვით, რომ ძალიან წარმატებული იყო, მაგრამ შედეგს მაინც აღწევდა. მამაკაცური საზომით, კარგი დიდოსტატი იყო. მაგრამ პრინციპული, ხარისხობრივი ცვლილება უკვე დები პოლგარების გამოჩენას მოჰყვა.

ე.რ.: როგორ მოახერხა მაია ჩიბურდანიძემ საბჭოთა პერიოდში აშშ-ის ღია ჩემპიონატში მამაკაცებთან ერთ დონეზე მონაწილეობა და, თანაც, მოგება, თან მოწვევის, ნებართვის გარეშე?

გ.კ.: ის, მგონი, ნონა გაფრინდაშვილი იყო, 1977 წელს. ტურნირს ღია ჩემპიონატი ერქვა, მაგრამ, სინამდვილეში, ეს იყო დიდოსტატების ტურნირი. მან, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპი გაიარა შეთანხმების, არანაირი თვითნებობა აქ არ ყოფილა, 1-4 ადგილი გაიყო.

ე.რ.: როდესაც 2007 წელს ციხეში იჯექით, კარპოვმა საჭადრაკო ჟურნალი მოგიტანათ. ჟურნალისტებთან თქვა, სისულელეა ასეთი რაღაცების გამო მსოფლიო ჩემპიონი ციხეში ჩასვაო. მაშინ თქვით, რომ კარპოვს სხვა (უკეთესი) თვალით შეხედეთ. და რატომ მანამდე არ გქონდათ მასთან არცთუ კარგი დამოკიდებულება?

გ.კ.: არც ახლა მაქვს, თუ ადამიანურ ურთიერთობას გულისხმობთ. მე არ მიყვარს ხალხი, რომელიც პუტინის აგრესიულ კურსს უჭერს მხარს, ყირიმის ანექსიას და პუტინის სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს მისცეს ხმა. კარპოვი ყოველთვის პარტიის ერთგული ჯარისკაცი იყო. ძნელია წარმოიდგინო ორი ადამიანი, რომელთა თვალსაზრისიც საბჭოთა და შემდეგ რუსეთის მოვლენებზე ასე განსხვავდება. ყოველთვის ანტიპოდები ვიყავით. 2007 წელს მომხდარმა რაღაც მომენტში დაგვაახლოვა, მე დავაფასე ეს ჟესტი. ალბათ, უფრო იმის გამო, რომ ბევრმა, ვინც მეგობრად მიმაჩნდა და ვისაც შეეძლო იგივე გაეკეთებინა, ეს არ გააკეთა. დედაჩემთანაც კი არ დაურეკავთ. როცა ციხიდან გამოვედი, პირველი ეს ვიკითხე: „ვინ არ დარეკა“? სია ძალიან გრძელი აღმოჩნდა. ამ ფონზე კარპოვის საქციელმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ, მთლიანობაში, სადაც ვიყავით, იქ დავრჩით. მე ძველებურად მხარს ვუჭერ ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს, კარპოვი კი მთავრობასთანაა. რომ შეხედოთ იმ საშინელი კანონპროექტების ჩამონათვალს, რომელთაც მან მისცა ხმა, მიხვდებით, თუ რატომ არ მეცვლება მისდამი დამოკიდებულება წლების განმავლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG