Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ აჭარაში 5 პირი დააკავა


პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მათ შორის არის ნარკორეალიზატორიც, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი.

ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირები პოლიციამ ქობულეთსა და ბათუმში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავა. დაკავებულთა შორის 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ერთი კი - საქართველოსი.

პირი, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვასა და გასაღებაშია ბრალდებული, პოლიციამ ბათუმში დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ა. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას ახდენდა. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 8000 ლარზე მეტი და 44 აბი „სუბოქსინი“.

რაც შეეხებათ დანარჩენ ბრალდებულებს, მათგან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიებით დადგინდა, რომ მათგან ორი ბრალდებული, ვ.კ და ო.პ. ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ.

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG