Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულმა ოცნებამ" ISFED-ის, TI-სა და საია-ს ანგარიშების ანალიზი მედიას წარუდგინა


მმართველმა გუნდმა "ქართულმა ოცნებამ" საქართველოში არჩევნებზე მომუშავე სამი ავტორიტეტული ორგანიზაციის წინასაარჩევნო კვლევები შეისწავლა და მოქალაქეებს მათი ანალიზი წარუდგინა. პარტიის ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა მედიას დაკვირვების მთავარი მიგნება უთხრა, რომ კვლევაში მოყვანილი ფაქტების ნაწილი კანონმდებლობით გათვალისწინებულ "წინასაარჩევნო პერიოდის" დაწყებამდე მდგომარეობას ასახავს.

"ქართულმა ოცნებამ" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", და "სამართლიანი არჩევნების" შუალედური ანგარიშები შეისწავლა.

"სამივე შუალედურ ანგარიშებში, რომელიც უნდა მოიცავდეს წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ფაქტებს, მოყვანილია ისეთი შემთხვევები, რომელიც მოხდა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ანუ 2021 წლის 3 აგვისტომდე... ამ პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საუბარი ზედმეტია, ამიტომ ორგანიზაციები, ნაცვლად საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისა, საუბრობენ ისეთი ტერმინებით, როგორიც არის მაგალითად "ამომრჩეველთა გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობა", ამ ლოგიკით, არასაარჩევნო პერიოდში მთავრობის ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება შეფასდეს როგორც ამომრჩევლის გულის მოგება, რაც ცალსახად არასწორია", - თქვა პაპუაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში მართლაც იყო 3 აგვისტომდე გამოვლენილი ფაქტების შესახებ ინფორმაცია თავმოყრილი. მაგალითად, საია წერდა, რომ მთავრობა არჩევნების გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილ ნაბიჯებს დგამდა - ანგარიშში მოხვდა სესხების სუბსიდირების პროექტი. საქართველოს მთავრობამ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 2 აგვისტოს გამოსცა დადგენილება, რომელიც შვილის ყოლის შემთხვევაში ოჯახებს იპოთეკურ სესხს უსუბსიდირებდა. დადგენილება 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.

"ამ ინიციატივის დამტკიცების დრო წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების წინა დღეა, შემთხვევითი არ არის. ამით ხელისუფლებამ თავი აარიდა რეგულაციას, რომელიც უკვე მომდევნო დღიდან ამ ინიციატივის იმპლემენტაციის შესაძლებლობას არ მისცემდა და მას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნევდა. ეს ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციაა. საია მიიჩნევს, რომ მოქალაქეების მძიმე სოციალური პირობების გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის მიუღებელია და ეწინააღმდეგება თანასწორი და კონკურენტული წინასაარჩევნო კამპანიის პრინციპებს", - ვკითხულობთ კვლევაში.

აქვე აღნიშნული იყო, რომ რამდენიმე სახელისუფლებო ოფიციალურ Facebook-გვერდზე საია-მ აღრიცხა მმართველი პარტიის მხარდამჭერი პოსტები. მაგალითად, 20 ივლისს სოციალურ მედიაში გამოჩნდა პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენის ცერემონიის ვიდეოჩანაწერი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გადაიცემოდა პირდაპირი ჩართვის რეჟიმში და დაფინანსებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ.

"​მართალია, ეს ქმედებები საარჩევნო კოდექსს არ ეწინააღმდეგება, რადგან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა ჯერ არ მოქმედებდა, 24 თუმცა საია პარტიის მხარდასაჭერად საჯარო რესურსის გამოყენებას ცუდ პრაქტიკად მიიჩნევს. ამგვარი ქმედება უმრავლესობას გაუმართლებელ უპირატესობას ანიჭებს, ხოლო სხვა პარტიებს არსებითად უთანასწორო პირობებს უქმნის. იმავდროულად, იგი ეწინააღმდეგება პარტიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის მოთხოვნას. საიას რეკომენდაციით, საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სამთავრობო რესურსების გამოყენება ნებისმიერ პერიოდში უნდა იკრძალებოდეს", - აღნიშნულია ანგარიშში.

XS
SM
MD
LG