Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The Armory Show ანუ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა


ავტორი: ნინო თოგოშვილი

The Armory Show ანუ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1913 წელს შედგა, ხილვის საშუალება კი მილიონზე მეტ ადამიანს მიეცა. გამოფენა სამ ქალაქში - ნიუ-იორკი, ბოსტონი,ჩიკაგო - გაიმართა და აუდიტორიის ყურადღება მალევე მიიპყრო წარმოდგენილი ნამუშევრების წყალობით. მასში მონაწილეობდნენ ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ხელოვანები. ეს გახლდათ პირველი შემთხვევა როცა ამერიკელი აუდიტორია ფართო მასშტაბით ეზიარა აბსტრაქტულ ხელოვნებას, რამაც გამოიწვია კრიტიკა საზოგადოების ფართო წრეებში და მას კრიტიკული წერილი რუზველტმაც კი მიუძღვნა.

გამოფენა იმდენად პოპულარული, განხილვადი და გაკიცხვის საგანი გახდა, რომ თეოდორ რუზველტმა, რომელიც იმ პერიოდში შეერთებული შტატების საზღვაო ძალების დეპარტამენტში მოღვაწეობდა კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, სადაც მკაცრად გააკრიტიკა ევროპული სტილი და მისი გავლენა თანამედროვე ამერიკულ ხელოვნებაზე. თვითმხილველების ცნობით მან ავანგარდული ნამუშევრების ხილვისას წამოიყვირა _ “ეს ხელოვნება არ არის”, ხოლო მის პუბლიკაციაში გამოფენაში მონაწილე ევროპელ ხელოვანებს უწოდა “ევროპელი ექსტრემისტები”.

გამოფენა დაყოფილი იყო რამდენიმე სეგმენტად , თუმცა , უდიდესი კრიტიკა დაიმსახურა H და I განყოფილებამ, სადაც გამოფენილი იყო ფრანსის პიკაბია,ანრი მატისი,მარსელ დუშანი და სხვანი. მოცემული ორი საგალერეო სივრცე რადიკალურად განსხვავდებოდა სხვა სივრცეებისაგან, რადგან ისინი ნაკლებად ერგებოდა ამერიკული ტრადიციული ხელოვნების ჩარჩოებს, რომელიც თავის მხრივ ევროპული კლასიციზმის მარწუხებში იყო მოქცეული და მეტწილად ინდივიდუალიზმის ნაკლებობას განიცდიდა.

The Armory Show გარდამტეხი მოვლენა აღმოჩნდა ამერიკული ხელოვნების სახეცვლილებისათვის. ხელოვანებს და მაყურებელს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუშებს, გაცლოდნენ ტრადიციულ, კასიკურ ნამუშევრებსა და ფორმებს, ევროპული კლასიკურ ხელოვნების ჩარჩოებს და ზღუდეებს, ფერებსა და აკადემიური ხატვის პრინციპებს. მოცემული გამოფენა მნიშვნელოვანი გამოხატულებაა იმისა რომ ხელოვნების დეფინიცია მუდმივად განვითარებადი პროცესია და მჭიდროდაა დაკავშირებული ინდივიდუალიზმთან.

მიუხედავად იმისა რომ The Armory Show მკაცრად გააკრიტიკა თეოდორ რუზველტმა და როიალ კორტისზმა, შეუძლებელია არ დავინახოთ მათი მოსაზრების საფუძველი და კრიტიკული მიდგომის არსი. რამდენადაც რთულია აბსტრაქტული ხელოვნების აღქმა თანამედროვე სამყაროში, არ არის რთული წარმოდგენა რამდენად რადიკალური იყო იმ პერიოდისათვის, თუნდაც მარსელ დუშანის ხელოვნება. ამასთან, კრიტიკის მთავარი ქვეაზრი იყო ამერიკული იდენტობის დაკარგვის შიში და ხელოვნების ნიმუშების ერთგვარი დუპლიკაცია ევროპელი ხელოვანებისგან. შეუძლებელია არაავთენტურ ნამუშევრებს იგივე ემოცია მოჰქონდეთ მნახველისათვის, რაც ბუნებრივია ხელოვნების ნიმუშისათვის სასიცოცხლო ელემენტია. ამერიკული ხელოვნების თვითმყოფადობის ხაზგასმა ორივე კრიტიკაში გვხვდება და მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ კლასიკური ხელოვნება, რომელიც რეალისტურთან ერთად დომინირებდა უდავოდ პიედესტალზეა წარმოდგენილი.

სწორედ ამიტომ, The Armory Show უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ამერიკული ხელოვნების ტრანსფორმაციისათვის, სამომავლოდ კი ევროპული და ამერიკული ხელოვნების ურთიერთმიმოცვლისათვის.

მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ამერიკაში ემიგრირებული ევროპელი ხელოვანების კონტაქტი გარკვეულწილად სწორედ The Armory Show-ს წყალობით შედგა ამერიკელ საზოგადოებასთან. მან საფუძველი დაუდო ურთიერთკავშირს, ხელოვნების მიმოცვლას. თუ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს და მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკიდან ევროპისკენ იყო ცალმხრივი მიმოსვლა განათლების მისაღებად რადგან სწორედ ევროპა ითვლებოდა ხელოვნების ცენტრად, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ეს გახდა ორმხრივი პროცესი, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ ამ გამოფენას მიუძღვის. სწორედ ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო ევროპა აღარ იყო ერთადერთი ცენტრი ხელოვანებისათვის, ეტაპობრივად, აშშ-მ და ევროპის კონტინენტმა ეს პოზიცია გაინაწილეს.

მიუხედავად ნეგატიური კრიტიკისა გვხვდება მაკკოლის პუბლიკაცია, სადაც მან სრულად დაუთმო ნამუშევარი ხელოვნების მნიშვნელობის ხაზგასმას. მისი მოსაზრების შემდგომ რუზველტისა და როიალ კორტიზის კრიტიკა ჭირვეული ბავშვის ფეხის ბაკუნს მოგვაგონებს, რომელსაც არ სურს თანამედროვე ხელოვნების მოდერნიზაციის პროცესს თვალი გაუსწოროს და ძლიერად ეჭიდება კონსერვატიული ხელოვნების ჩარჩოებს, რომელსაც თანდათან “კუბისტებისა” და “ფუტურისტების” თაობა აცლის ხელიდან.

მაკკოლი თავის პუბლიკაციაში წერს:

“...და მაინც, რა არის ხელოვნება, მხოლოდ სახელი, მხოლოდ მისი შემნის ფორმულა და პრეცედენტი? თუ მხოლოდ მისი კრიტიკა და ანალიზის შედეგი? კამათი მისი სახელის გარშემო? ხელოვნება, რომელსაც შევიგრძნობთ არის სიმბოლური , თუმცა იმპროვიზებული წუთიერების მიერ, თავად წუთიერება კი მეტია ვიდრე ანალიზი, რამეთუ ის გახლავთ ინსტინქტი და ცხოვრების საჩუქარი.”

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG