Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„როსსელხოზნადზორი“ შეშფოთებულია საქართველოდან მიწოდებულ პროდუქციაში აღმოჩენილი დარღვევებით


რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურში (როსსელხოზნადზორი) ამბობენ, რომ შეშფოთებას იწვევს ის, რომ საქართველოდან რუსეთში იმპორტირებულ მცენარეულ პროდუქტში სულ უფრო ხშირად ხვდებათ საკარანტინო ობიექტები.

პირველად საქართველოდან რუსეთში მიწოდებულ პროდუქციაში გამოვლინდა ყავისფერი სიდამპლის (Monilinia fructicola) ბაქტერია. ასეთი სამი შემთხვევა გამოვლინდა ვაშლატამაში, ერთი კი ატამში“, - ნათქვამია „როსსელხოზნადზორის“ განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ აცნობეს ქართულ მხარეს, 16 სექტემბერს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ვიდეოფორმატში შეხვედრაც გაიმართა.

როსსელხოზნადზორი, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ითხოვს ზომების მიღებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაბინძურებული პროდუქციის შემდგომი მიწოდება რუსეთში, ასევე ინფორმირებული იყოს ინციდენტის მიზეზების გამოძიების შედეგების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ ქართული მხარე დაჰპირდათ, რომ უახლოეს მომავალში გაგზავნიან ყველა საჭირო მასალას, ასევე გააფართოებენ სახელმწიფო ფიტოსანიტარიული მონიტორინგის პროგრამას, რათა სრულად მოიცვან ის ტერიტორიები, სადაც იზრდება რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისთვის განკუთვნილი კულტურები, ასევე შეამოწმებენ მაცივრებსა და საწყობებს.

საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია ონლაინრეჟიმში რუსეთის შესაბამის სამსახურთან.

სპეციალისტებმა გაცვალეს ინფორმაცია და მომავალი წლისთვის დასახეს ღონისძიებები ამ დაავადებასთან - (ყავისფერი სიდამპლე) - ბრძოლის მიმართულებით, რაც გულისხმობს სავეგეტაციო პერიოდში მონიტორინგის გაძლიერებას, ფერმერებთან კომუნიკაციის გააქტიურებას და წინასაექსპორტო ფიტოსანიტარიული პროცედურების გამკაცრებას“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

საქართველოს სოფლის მეორნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 1 მაისიდან მოყოლებული, საქართველოდან ექსპორტირებულია 26,1 მლნ დოლარის ღირებულების 28,7 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა. ექსპორტის უდიდესი წილი, 18,9 ათასი ტონა, რუსეთში გაიგზავნა.

„როსსელხოზნადზორის“ განცხადებაშივე ვკითხულობთ, რომ რუსეთისა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის ვიდეოზარის ფორმატით გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2021 წლის მიმდინარე პერიოდის ბოლოს, რუსეთში ქართული კარტოფილის მიწოდების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეადგინა დაახლოებით 17 ათასი ტონა, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით 1,600 ტონა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG