Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ექსპერტთა ჯგუფმა უარყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის ფართოდ გამოყენება


დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელიც რჩევებს აძლევს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA), Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი, ე.წ. "ბუსტერ" დოზის გამოყენება დაამტკიცა ხანდაზმული მოქალაქეებისთვის და განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფთათვის, მაგრამ უარყო მესამე დოზის ფართოდ დანერგვის გეგმა.

რეკომენდაცია სავალდებულო არ არის, თუმცა 17 სექტემბერს გამოთქმული ეს რჩევა დარტყმაა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებდა "ბუსტერ" დოზის თითქმის ყველა ამერიკელისთვის მიცემას, დროის განმავლობაში ვაქცინათა ეფექტიანობის კლების საწინააღმდეგოდ.

FDA, რომელიც ხშირად ითვალისწინებს ჯგუფის რეკომენდაციებს, ოფიციალურ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მომავალ კვირაში მიიღებს. გამაძლიერებელი დოზა უნდა დაამტკიცოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმაც (CDC), რომელმაც ამ საკითხზე ასევე მომავალ კვირაში უნდა იმსჯელოს.

"ბუსტერ" დოზის შესახებ კენჭისყრა ექსპერტების ჯგუფში 16-2 შედეგით დამთავრდა. ექსპერტებმა გამაძლიერებელი დოზის ფართოდ დანერგვის არდამტკიცების მიზეზებად მოიტანეს დამატებითი დოზების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის არსებობა, მათ ასევე დასვეს კითხვა, რამდენად საჭიროა გამაძლიერებელი დოზების მიცემა ყველასათვის და არა კონკრეტული, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ჯგუფებისთვის. იყო შეშფოთება იმაზეც, მესამე დოზები ხომ არ გააძლიერებს იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენების ალბათობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG