Accessibility links

site logo site logo

შპს "ჰერმესს" სასახლეების მარაგი ამოეწურა - 50 სასახლისთვის სწრაფი შესყიდვა გამოცხადდა


დამკრძალავი კომპანია "ჰერმესი", რომელიც თბილისში არსებული სასაფლაოების მართვას და მოქალაქეებისათვის სარიტუალო მომსახურებას უზრუნველყოფს, შესყიდვების სააგენტოს სთხოვს გაითვალისწინოს გადაუდებელი საჭიროება და უახლოეს მომავალში ტენდერის გარეშე შეისყიდოს 50 ცალი სასახლე იმისათვის, რომ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა გარდაცვლილების დაკრძალვისას.

"საფრთხე ექმნება ორგანიზაციის ფუნქციონირების უმთავრეს ასპექტს, როგორიცაა მიცვალებულთა დაკრძალვა. სასახლეების სრული მარაგი ამ ეტაპისთვის ამოწურულია და ჩვენი მოქმედი კონტრაქტორები ვერ ახერხებენ საჭირო რაოდენობის საქონლის მოწოდებას. ამ ეტაპისათვის აუცილებელია შესყიდული იქნას სასახლეების რაოდენობა, რომელიც საჭიროა მიმდინარე წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი, რამაც გამოიწვია სასახლეების მარაგების სწრაფი ამოწურვა. არსებული მიმწოდებლები ვეღარ ახორციელებენ სასახლეების მოწოდებას, რაც მისი ახსნა–განმარტებით დაკავშირებულია თანამშრომელთა ნაწილის კორონავირუსით დაინფიცირებიდან გამომდინარე", - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

შპს "ჰერმესი" ამ ეტაპზე 50 ცალი სასახლის შესყიდვას ითხოვს. თითოს სავარაუდო ფასი 270 ლარია.

ანალოგიური მოთხოვნა სასახლეების სწრაფ შესყიდვაზე, როდესაც კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის გამო საჭირო გახდა მარაგების განახლება, შპს "ჰერმესმა" 2020 წლის დეკემბერშიც გააკეთა. გასული წლის ბოლოს კომპანიამ დაჩქარებული წესით 200 სასახლის ყიდვა მოითხოვა.

მხოლოდ გასულ 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 52 ადამიანი. კორონავირუსს საქართველოში სულ 8 498 ადამიანი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG