Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Space X-ის მისიიდან არაპროფესიონალი ასტრონავტები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ დედამიწაზე


ოთხი არაპროფესიონალი ასტრონავტი, რომლებიც SpaceX Inspiration4-ის მისიით კოსმოსში გაემგზავრნენ, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ დედამიწაზე, და ფლორიდის ნაპირთან, ატლანტის ოკეანეში დაეშვნენ.

SpaceX-ის კაფსულა, რომელშიც ასტრონავტები ისხდნენ, 18 სექტემბერს დაეშვა წყალში, რითაც დასრულდა პირველი სამდღიანი მოგზაურობა, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო პირები დედამიწის ორბიტაზე გაუშვეს. არაპროფესიონალი ასტრონავტები კოსმოსში გაგზავნეს 15 სექტემბერს, NASA-ს კენედის ცენტრიდან. მთელი მოგზაურობა სრულად ავტომატიზებული იყო.

ეს მოგზაურობა წარმოადგენს კიდევ ერთ გარღვევას კოსმოსური ტურიზმის განვითარებაში, მას შემდეგ, რაც მილიარდერებმა, რიჩარდ ბრენსონმა და ჯეფ ბეზოსმა თავ-თავიანთი კომპანიების მიერ შექმნილი ხომალდებით ივლისში კოსმოსის პირს მიაღწიეს. Inspiration4-ის მოგზაურობა წარმოადგენს 38 წლის მილიარდერ ჯარედ აიზეკმანის ინიციატივას, რომელსაც სწამს პრინციპისა, რომ კოსმოსი ყველასთვის ღია უნდა იყოს. ის თავად იყო ერთ-ერთი მოგზაური, მასთან ერთად კოსმოსურ აპარატში იმყოფებოდნენ 29 წლის მედდა ჰეილი არსენო, 51 წლის გეოლოგი სიან პროკტორი და აშშ-ის არმიის ვეტერანი, 42 წლის ინჟინერი კრის სემბროსკი.

სამდღიან კოსმოსურ მისიას Inspiration 4-ს საქველმოქმედო მიზანი ჰქონდა - 200 მილიონის შეგროვება მემფისში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოსთვის. ბავშვობაში, ამ კლინიკაში კიბოსგან განკურნეს ეკიპაჟის წევრი ჰეილი არსენო.

კოსმოსური აპარატი იმყოფებოდა დედამიწის ზედაპირიდან 575 კილომეტრის და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტიდან 150 კილომეტრის სიმაღლეზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG