Accessibility links

site logo site logo

„ქართული ოცნება“ საია-ს ადანაშაულებს არჩევნებისთვის პრობლემის შექმნაში


„ქართული ოცნება“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ უკავშირებს „რევოლუციურ სცენარს“ და ადანაშაულებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრობლემის შექმნაში.

„შემაშფოთებელია, რომ ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 5 წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება. შემაშფოთებელია, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ახალი აბსურდული სარჩელით არჩევნებისთვის პრობლემის შექმნას გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 19 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით, საია ითხოვს თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ვინაიდან, მაგალითად, საბურთალოზე მცხოვრები ამომრჩევლების რაოდენობა 2,5-ჯერ აღემატება, მაგალითად, მთაწმინდის ამომრჩევლების რაოდენობას, საბურთალოს ამომრჩევლის ხმის წონა 2.5-ჯერ მცირდება მთაწმინდის ამომრჩევლის ხმის წონასთან შედარებით, რადგან ორივე რაიონი ირჩევს თითო დეპუტატს თბილისის საკრებულოში.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საარჩევნო სისტემის ეჭვქვეშ დაყენება იმ საბაბით, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები ზედმიწევნით გათანაბრებული არ არის, „სრული ნონსენსია“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ 2 ოქტომბრის არჩევნებში რაიმე წარმატების მიღწევის ყოველგვარი იმედი გადაწურული აქვს. ამ ფონზე, ისინი ერთადერთ გამოსავალს ხელოვნური პრობლემების შექმნასა და ვითარების არევაში ხედავენ“, - განაცხადა კობახიძემ და დაამატა, რომ კანონი სამი თვის წინ, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე იქნა მიღებული და საია-ს ამ პროცესში არაფერი გაუპროტესტებია.

საია-ში „სამართლებრივი ნონსენსი“ უწოდეს ირაკლი კობახიძის ბრალდებას.

„სასამართლოსთვის კანონით მიცემული ვადისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს საქმე არჩევნებამდე არსებითად ვერ იქნება გადაწყვეტილი და ვერც ახლო მომავალში, ხოლო სასამართლოს მიერ ჩვენი სარჩელის საფუძველზე შემდგომ გამოტანილი გადაწყვეტილება ვერ მოახდენს გავლენას ამ არჩევნების შედეგებზე, ისევე, როგორც ეს მოხდა პარლამენტის ძველი მაჟორიტარული საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობისას“, - წერს საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ფეისბუკზე.

მისივე თქმით, მათი სარჩელის ერთადერთი მიზანია, რომ ყველა მოქალაქის ხმას თანაბარი წონა ჰქონდეს და არ გახდეს პოლიტიკური შეთანხმებების საგანი.

„საიას არასდროს არ ჰქონია პოლიტიკური ინტერესი ან რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის მხარდაჭერის გამოცხადების განზრახვა, რაც მმართველ გუნდშიც ძალიან კარგად იციან“, - წერს სიმონიშვილი და ამატებს, რომ სადავო ნორმები მესამე მოსმენაზე გაჩნდა კანონში, როცა საია პროცესში აღარ იყო ჩართული.

„ამდენად, არასწორია, თითქოს ჩვენ ვმონაწილეობდით ამ საზღვრების პროცესში. იმაზე ბევრი ვიფიქრეთ, როდის უნდა შეგვეტანა სარჩელი და არჩევნების წინ მისი შეტანა სწორედ იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მისი დაკავშირება არჩევნების შედეგებთან და ამ ფაქტით მანიპულირება არ მომხდარიყო“, - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG