"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. დეკანოიძე ითხოვს, გამოძიება დაიწყოს ე.წ. სუს-ის ფაილებზე, რომელშიც ისიც ფიგურირებს.
"მე ვფიქრობ, რომ ყველამ, ვისზეც გავიდა ინფორმაცია, რომ უსმენენ, ყველა ადამიანმა უნდა შეიტანოს საჩივარი. ჩემი ეპიზოდი იყო ფარული მიყურადება სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებთან - მე დღეს შემაქვს საჩივარი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე", - თქვა დეკანოიძემ.
ბოლო რამდენიმე დღეა მედიას ხელში ჩაუვარდა ათასობით ფაილი, რომელიც, დიდი ალბათობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან არის გამოჟონილი და ასეულობით ადამიანის პირად საუბრებს ასახავს. ამ ჩანაწერების დიდი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებათ, თუმცა მასში ფიგურირებენ პოლიტიკოსებიც, ჟურნალისტებიც და რიგითი ადამიანებიც.
ამ დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს ხატია დეკანოიძესთან დაკავშირებით ასეთი ჩანაწერი არსებობს:
"მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, საქართველოში ისრაელის ელჩის რან გიდორის თანაშემწე ***** [სახელი და გვარი წაშლილია] დაუკავშირდა პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ხატია დეკანოიძეს და აცნობა, რომ ელჩს სურს მასთან შეხვედრა.
თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა გაიმართება მ/წ 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარტიის ცენტრალურ ოფისში (შეხვედრის მიზანი არ კონკრეტდება)".
დაწერეთ კომენტარი