Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„2021 წელი ჯერ არ დასრულებულა“ - დეა მეტრეველი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერების ჩამოხსნაზე


დეა მეტრეველი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკეში "ლელოდან".
დეა მეტრეველი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკეში "ლელოდან".

პარტია „ლელოს“ წევრი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკის რაიონში, დეა მეტრეველი რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ გამოეხმაურა თბილისის, როგორც მსოფლიო წიგნის დედაქალაქის საინფორმაციო ბანერების ჩამოხსნისა და მის სანაცვლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატების ბანერების ჩამოკიდების ფაქტს:

„წინასაარჩევნოდ მოასუფთავეს ეს ველი, რაც ძალიან ცუდია იმიტომ, რომ წინ არჩევნები ჰქონდათ და მაქსიმალურად ყველა ბილბორდი, ყველა ადგილი უნდა დაეკავებინა „ქართულ ოცნებას“ თავისი საინფორმაციო კამპანიისთვის აი, ამ ბანერებით, კახი კალაძის თუ სხვა მაჟორიტარებით. მთელი თბილისი გადალურჯებულია, რაც მინდა გითხრათ, არ გამოიყურება ძაან სასიამოვნოდ. ამიტომაც ძალიან სამწუხაროა. ამას ახლა აღარაფერი აღარ ეშველება. შეიძლება კვლავ გამოაკრან ეს ბანერები, რასაც მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ მთელი ადმინისტრაციული რესურსი მიმართულია იმაზე, რომ ეს არჩევნები მოიგოს ხელისუფლებამ და ამ მხრივაც ისეთ მნიშვნელოვან პროექტს წირავენ, როგორიც თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქია“, - აღნიშნა დეა მეტრეველმა „საღამოს საუბრებში“.

გადაცემაში დეა მეტრეველი გამოეხმაურა ასევე „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ მერიის მიერ შპს „ალმასთან“ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სარეკლამო ბანერების განთავსებაზე დადებული კონტრაქტი სარეკლამო მასალების 2021 წლის 20 აპრილიდან 19 ივნისამდე განთავსებას ითვალისწინებდა. „ვინაიდან, 2021 წლის 19 ივნისს, მათ შორის დადებული კონტრაქტი დასრულდა, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერები ჩამოიხსნა და ამაზე პასუხისმგებელი შპს „ალმა“ გახლავთ“, - ნათქვამია განმარტებაში, რომელსაც დეა მეტრეველმა „საღამოს საუბრებში“ უპასუხა, რომ 2021 წელი ჯერ არ დასრულებულა და იუნესკოს აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჯერაც ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი.

„რას ნიშნავს, 2 თვით ჰქონდათ მხოლოდ და მხოლოდ ერთწლიანი უმნიშვნელოვანესი პროექტისთვის ბილბორდებზე საინფორმაციო ადგილები დაკავებული. ძალიან სამარცხვინო და ძალიან ცუდია, თუ ეს ესე იყო“, - განაცხადა „საღამოს საუბრებში“ დეა მეტრეველმა, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბილბორდების განთავსების მოკლე ვადა სწორედ არჩევნებთან იყო დაკავშირებული.

„მაშინ როდესაც იუნესკო 2021 წლის განმავლობაში აღნიშნავს თბილისის, წიგნის მსოფლიოს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სტატუსს, თბილისის მერიამ აგვისტოდან, როგორც ჩანს, უკვე დაასრულა ჩვენი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტის აღნიშვნა და ქალაქში, საკუთარი საარჩევნო კამპანიის გამო, "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" საინფორმაციო ბილბორდები ჩამოხსნა. მოქმედ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს არც კი უფიქრიათ იმაზე, რომ ტურისტული სეზონის პერიოდში უცხოელი ვიზიტორებისთვის ამ ინფორმაციის გაზიარება ქალაქის და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟი იქნებოდა. ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ ჩანს უწიგნური ხელისუფლების სამარცხვინო სახე და დამოკიდებულება ქალაქის, ჩვენი კულტურის და ღირებულებების მიმართ. წინასაარჩევნოდ დედაქალაქში არსებული ბანერების ისტერიულად გამოცვლა "ქართული ოცნებისთვის" სახასიათოა. 17 სექტემბერს, გვიან საღამოს, კოვიდ-19-ის ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერი პირდაპირი მნიშვნელობით შეეწირა სიძულვილით შეკოწიწებულ სრულიად ამაზრზენი შინაარსის და დატვირთვის მქონე ბანერს“, - განაცხადა დეა მეტრეველმა "საღამოს საუბრებში" სტუმრობამდე. "საღამოს საუბრებში" კი აღნიშნა, რომ "თბილისი - წიგნის საერთაშორისო დედაქალაქი" არის სტატუსი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის პრესტიჟისთვის, მისი კულტურისა და ლიტერატურის აღიარებისთვის და იგი "ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვების მიზნებს ეწირება.

თბილისმა ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მალაიზიის დედაქალაქისგან, კუალა ლუმპურისგან გადმოიბარა. პროექტი თბილისის მერიისა და იუნესკოს ერთობლივი პროექტია.

XS
SM
MD
LG